მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP–10 ეკონომიკური მოვლენა

61e42b94242e7
ირაკლი მაკალათია
16.01.22 19:30
1287
გთავაზობთ გასული კვირის (10 – 14 იანვარი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე და ანაკლიის პროექტის მომავალი
2. მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
3. 2021 წლის საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
4. როგორ მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენის პროცესი
5. ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
6. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 13 რეკომენდაცია მთავრობას
7. როგორი იყო ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებლები 2021 წელს
8. 2021 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო გეგმა და მეტობით გადახდილი დღგ-ს ბიზნესისათვის დაბრუნება
9. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა
10. "ჯორჯიან ეარვეისს" დავალიანება და გაკოტრება/რეაბილიტაციის პროცესი



1. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე და ანაკლიის პროექტის მომავალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს, იმ საქმეზე, რომელსაც არც მომჩივანი ყავდა და არც დაზარალებული, გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. თუმცა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება (194-ე მუხლი) თაღლითობის მუხლით (180-ე მუხლი) გადაკვალიფიცირდა, რაც 7-წლიანი პატიმრობას გულისხმობდა, მაგრამ ამ მუხლის ხანდაზმულობის გამო სასჯელისგან გაათავისუფლეს.

ადვოკატ ზვიად კორძაძე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამამართლებელ განაჩენად აფასებს. რადგან პროკურატურის ბრალდება ფულის გათეთრებაზე სასამართლომ მტკიცებულებათა არარსებობის გამო არ დაადასტურა. თაღლითობის მუხლი კი გულისხმობს, რომ მას დაზარალებული მხარე უნდა ჰყავდეს, თუმცა საქმეს დაზარალებული არ ჰყავს.

სასამართლო გადაწყვეტილებას ქართული სასამართლოსა და მთავრობის პოლიტიკური სახის შენარჩუნების მცდელობად აფასებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, სადაც აცხადებენ, რომ 3 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესმა დააზიანა კონსორციუმის საქმიანობა ანაკლიის პროექტის განვითარების მიმართულებით. შედეგად მთავრობამ უკანონოდ შეწყვიტა პროექტი და შესაბამისი საარბიტრაჟო დავები დაიწყო.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3txQMR6 ; https://bit.ly/3fvLZra ; https://bit.ly/3I9WBbr 

2. მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2022 წელს საქართველოს 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2023 წლისთვის კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5% იქნება. მეზობელი ქვეყნებიდან ეკონომიკის აღდგენის ყველაზე დაბალი ტემპი თურქეთშ ექნება - 2,0%.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/34LKnXX


3. 2021 წლის საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა

2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 319.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6%-ით მეტია. რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებელს, ის 26.9%-ით გაიზარდა და 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 2020 წელთან შედარებით 25,1%-ით გაიზარდა და 10 077.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ცხადია 2020 წლის შემცირებულ მაჩვენებლებთან შედარებით 2021 წელს მაღალი ზრდა დაფიქსირდა, თუ 2019 წელს ავიღებ საბაზისო წლად, მაშინ 2021 წელს 2019 წელთან შედარებით ექსპორტი 11,7%-ით, ხოლო იმპორტი 5,9%-ით.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fowfpA ; https://bit.ly/3GpuLrb 


4. როგორ მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენის პროცესი

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2021 წლის სტატისტიკური მაჩვენებლები წარმოადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველოში სულ 1 721 242 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის 22%-ზე არის აღდგენილი, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 38%-ს შეადგენს. შედეგად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ვიზიტორთა რიცხვი. რაც შეეხება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გეგმებს, 2022 წელს აპირებენ, რომ facebook რეკლამაში 300 000 ლარი დახარჯონ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/34IbMdm ; https://bit.ly/320dLJb ; https://bit.ly/3tqbJ0c 


5. ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ეროვნული ბანკის მონაცემებით 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სავალუტო რეზერვებმა 4.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია, რისი მთავარი მიზეზიც საგარეო კრედიტების ჩამორიცხვაა.

6. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 13 რეკომენდაცია მთავრობას

კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევა დაასრულა და საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ანგარიშის მიხედვით სააგენტო მთავრობას 13 რეკომენდაციას აძლევს, მათ შორისაა: დაინერგოს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულების ერთიანი სისტემა, რეცეპტებში მოხდეს გენერიკული ჩამანაცვლებლის მითითება, მოხდეს მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, "თავისუფალი ფასწარმოქმნის“ პოლიტიკის გადახედვა და სხვ. (სრულად 13 რეკომენდაციის შესახებ: https://bit.ly/3GMlytn)

კონკურენციის სააგენტოს ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ძირითად სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტები საშუალოდ 18%-დან 26%-მდე ფასნამატით იყიდება. ამავე დროს მედიკამენტების 300%; 400% და 1000%-ის ფასნამატით გაყიდვის ფაქტებიც დადასტურდა, აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზად კი სააგენტო ელექტრონული და ჯენერიკული რეცეპტის სისტემის დანერგვას ასახელებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ntmjQ2 ; https://bit.ly/3nqbIW3 ; https://bit.ly/3zZNcjI 


7. როგორი იყო ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებლები 2021 წელს

„კრედიტინფო საქართველოს“ ინფორმაციით 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში საბანკო მსესხებლების 9.5%-ს ვადაგადაცილებული სესხი ჰქონდათ, ხოლო 90-დღიან ვადაგადაცილებული სესხების წილი 18,7%-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელს თითქმის 3-ჯერ აღემატება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3tx2L1k ; https://bit.ly/3Kffcol 


8. 2021 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო გეგმა და მეტობით გადახდილი დღგ-ს ბიზნესისათვის დაბრუნება

2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ძირითადი მაჩვენებლები ასეთია: 2021 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 109 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო ბიზნესს დამატებული ღირებულების გადასახადიდან მეტობით გადახდილი თითქმის 2 მილიარდი ლარი უკან დაუბრუნდა. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯებს ის 100%-ით შესრულდა, რაც ნაერთი ბიუჯეტიდან 22 260 000 000 ლარი იყო. გასულ წელს მთავრობამ კონკრეტულად COVID-19-ის მართვაზე 1,930,000,000 ლარი დახარჯა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/33HMbk8 ; https://bit.ly/3KfFFSy ; https://bit.ly/34Pii1X 


9. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტმა მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც სახელმწიფო ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვების ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, ეს ეხება, სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც შეძენილ მედიკამენტებს ვერ ხარჯავდა, მაგრამ ყოველ წელს უფრო მეტს ყიდულობდა; 2018 წელს თსუ–ს მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას სამშენებლო ნებართვის 50–ლარიან მოსაკრებელში 50 ათასი ლარი გადაიხადა; აუდიტის სამსახურმა ასევე დაცვის პოლიციაში მორგებული ტენდერიც გამოავლინა; მართვის მოწმობის გამოცდის ქალაქის გზებზე ჩასატარებლად 2018 წელს 9 მლნ დახარჯეს, მაშინ როცა ცვლილებები 2022 წელს უნდა ამოქმედდეს; ბიუჯეტის ათვისების მიზნით კი ცესკომ 183 ათას ლარად 5 ავტომობილი იყიდა, რომელიც არ სჭირდებოდა; აუდიტის სამსახურმა დარღვევები აღმოაჩინა ზუგდიდის მერიის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მაგრამ ხალხის ფულის ფლანგვის ამდენი შემთხვევის განხილვით რომ არ გადაგღალოთ, ბოლოს სახალისო ინფორმაციით, უფრო სწორად კი ტრაგიკომედიით დავასრულებთ, 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დასაქმებული იყო 6 მოლარე, ბაღში შესვლა კი უფასო გახლავთ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3nvlXsg ; https://bit.ly/3FxPszS ; https://bit.ly/3qvKNtY ; https://bit.ly/3qxwmpf ; https://bit.ly/33gTeRm ; https://bit.ly/3FxMNGv 

10. "ჯორჯიან ეარვეისს" დავალიანება და გაკოტრება/რეაბილიტაციის პროცესი

"ჯორჯიან ეარვეის’’-ის გაკოტრება/რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ მიღებული განჩინებიდან ირკვევა, რომ კომპანიას ჯამში 176 მილიონი ლარის ვალი დაუგროვდა, მაშინ როცა თავად კომპანიის აქტივების ღირებულება მხოლოდ 21.4 მილიონი ლარია. კომპანიის რეაბილიტაციის გეგმა კი 2 თვის ვადით განისაზღვრა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fpL9My ; https://bit.ly/3nup83q ; https://bit.ly/3Fy0ViM