მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გათვლა მეზობლებზე და მანქანით შემომსვლელ ტურისტებზე უნდა გავაკეთოთ - კახა სამყურაშვილი

5ffef861d402b
ინგა მურუსიძე
16.01.21 19:49
1361
Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს მანქანით მოსიარულე ტურიზმზე და მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებზე, იქამდე მაინც, ვიდრე მოქალაქეებს ფრენებზე შფოთვები გაუვლით.

როგორც სამყურაშვილმა bm.ge-ს უთხრა, იმედიანი მოლოდინი ასეთია, რომ წელს ტურიზმის აღდგენა უნდა დაიწყოს, თუმცა პირველ ეტაპზე ევროპელი ტურისტების ჩამოყვანა ძალიან რთული იქნება.

„გლობალურ მოლოდინებს რაც შეეხება, თუ დავეყრდნობით ყველაზე ავტორიტეტულ ანალიტიკურ ორგანიზაციებს, ტურიზმის სექტორი 2022-2023 წლებში აღდგება. ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მეზობელი ქვეყნების წილი. პირველ ეტაპზე, ვიდრე ფრენებზე შფოთვები კიდევ ექნებათ ადამიანებს, მეტი შანსია იქ აღდგენს ტურიზმი უფრო სწრაფად, სადაც მანქანებით მეტად მოგზაურობენ. ჩვენ სწორედ ეს შემთხვევა ვართ. 2019 წელს 75% შემოვიდა მანქანებით. პირველ ეტაპზე ამის იმედი უნდა გვქონდეს ალბათ“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

მისი შეფასებით, შეიძლება სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ ტურისტები, მაგრამ გათვლა ალბათ მაინც მეზობლებზე უნდა გავაკეთოთ.

კახა სამყურაშვილს მიაჩნია, რომ ტურიზმის აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესია ვაქცინაცია და მარკეტინგი, თუმცა მარკეტინგის მიმართულებით გამოყოფილი 8 მილიონი ლარის შეფასებისას მკვლევარი ამბობს, რომ დღეს მარკეტინგს დიდი ფულის მიუხედავად რაიმე სერიოზული შედეგი არ ექნება, მეზობლებთან ბევრი ფულის დახარჯვა საჭირო არ არის, ხოლო ევროპაში სავარაუდოდ დიდი აზრი არ აქვს. სამყურაშვილს ამის არგუმენტად თავად ევროპელების ხასიათი მოყავს, რომლებიც დიდი ალბათობით განვითარებად ქვეყნებში მოგზაურობას ასე სპონტანურად არ დაგეგმავენ და ამისთვის გარკვეული დრო დასჭირდებათ.

რაც შეეხება ზოგად სიტუაციას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ პოზიტიური გათვლებით, 2021 წელს ტურიზმი სავარაუდოდ 40-50%-ით აღდგება.

„სიტუაცია გვაქვს ისეთი, რომ ყოველ დღე შეიძლება შიცვალოს სიტუაცია, რომელიც შეატრიალებს პროგნოზებს და მოლოდინებს, თუმცა ზოგადად, მოლოდინი, რაც არსებობს ვირუსის დამარცხებასთან დაკავშირებით, არის, რომ მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ დაავადება უკან დაიხევს და ადამიანები დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. ტურიზმიც ამასთან არის დაკავშირებული, როცა დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას ადამიანების უმრავლესობა, ტურიზმიც დაუბრუნდება თავის გარემოს. მოლოდინები, რომ 2021-ში აღდგენა დაიწყება, გვაქვს. საუბარი იმაზე, რომ უცებ ავდგებით და დავურუნდებით იმას, რაც 2019 წელს გვქონდა, არასწორია, თუმცა ალბათ შეიძლება ვისაუბროთ 40-50%-იან აღდგენაზე, მაგრამ ეს რიცხვები მყიფეა, პანდემიის გამო“, - ამბობს სამყურაშვილი.