მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუგებარია, აბასთუმანში დემონტაჟსა და მშენებლობაზე ნებართვის გაცემას დიდი დრო რატომ სჭირდება - მოქალაქე

6273ffd569656
ალა ისპირიანი
05.05.22 23:40
1055
მოქალაქე გიორგი ბერაძე აბასთუმანში, ტურისტული მიზნით კოტეჯების აშენებას აპირებს, რაშიც დაახლოებით 150 000-ლარიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. თუმცა ამისთვის მას მის კუთვნილ მიწაზე არსებული ძველი ავტოფარეხის დემონტაჟი სურს, რისთვისაც ნებართვა სჭირდება. გიორგიმ ადიგენის გამგეობაში განცხადება გასული წლის ნოემბერში შეიტანა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია. როგორც ის Bm.ge-სთან ამბობს, „გაუგებარია აბასთუმანში, რატომ სჭირდება ამდენი დრო დემონტაჟზე ან მშენებლობაზე ნებართვის გაცემას“.

აღსანიშნავია, რომ თუ აბასთუმანში მოქალაქე რაიმე შენობის დემონტაჟს ან მშენებლობას გადაწყვეტს, განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა შეიტანოს, საიდანაც ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში იგზავნება. განცხადების განხილვის შემდეგ სააგენტო ადიგენის მერიას დადებით ან უარყოფით პასუხს უგზავნის, რასაც მოქალაქეს მერია ატყობინებს.

ადიგენის მერიის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს აბასთუმანში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან, მშენებლობაზე სულ ორი ნებართვა გაიცა. ერთი „ჯორჯია 2016“-ს და მეორე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მისცეს, თუმცა მსგავსი სახის ნებართვებს კიდევ 5 ადამიანი ელოდება, რომელთაგან ერთ-ერთი გიორგი ბერაძეა.

"ყველანაირი დოკუმენტაცია 2021 წლის 8 ნოემბერს შევიტანე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში და 9 ნოემბერს უკვე მერიამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადააგზავნა. ერთი თვის გასვლის შემდეგ მოვიკითხე ადიგენში ამბავი და მითხრეს, რომ პასუხი არ მიუღიათ. დავრეკე კულტურულ მემკვიდრეობაში და მითხრეს, რომ განცხადება დირექტორთან ხელმოსაწერადაა. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დავრეკე და პასუხი იგივე იყო. იანვრის მერე საერთოდ აღარ მპასუხობენ. მათ გვერდზე ტელეფონიც აღარ არის მითითებული. მეილზეც არ მიპასუხეს. მისულიც ვიყავი, მაგრამ პასუხს ვერ მცემენ.

ამათგან, რომ პასუხი ვერ მივიღე, დეკემბერში კულტურის სამინისტროსაც დავუკავშირდი და მითხრეს, ჩვენ არ გვეხება, პასუხი სააგენტომ უნდა გაგცეთო. აპრილში დემონტაჟი კი არა უკვე წესით მშენებლობაც დაწყებული უნდა მქონოდა, მაგრამ კაცმა არ იცის როდის დავიწყებ. გაუგებარია, რატომ სჭირდება ამდენი დრო დემონტაჟზე ან მშენებლობაზე ნებართვის გაცემას. დემონტაჟზე თუ ნებართვას მივიღებ, შემდეგ კოტეჯების აშენებაზე თავიდან იგივე პროცედურა უნდა გავიარო“, - აცხადებს ბერაძე.

მოქალაქის პრობლემით bm.ge კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებამ წერილობით გვიპასუხა, რომ აღნიშნული ავტოფარეხის დემონტაჟზე განცხადება განხილულია და დადგინდა, რომ იგი დემონტაჟს ექვემდებარება. თუმცა გაუგებარია სად გაიგზავნა აღნიშნული პასუხი, როცა ადიგენის გამგეობაში გვითხრეს, რომ სააგენტოსგან დასტური ან უარყოფა ამ დრომდე არ მიუღიათ. რატომ არ გაიგზავნა ადიგენის გამგეობაში აღნიშნული პასუხი - ამ კითხვით კულტურის სამინისტროს კვლავ მივმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. 

„დაბა აბასთუმანში, ასათიანის ქ. № 5-ის მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული ავტოფარეხის დემონტაჟი და კოტეჯების მშენებლობის საკითხი 2021 წლის ნოემბერში განხილული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის საბჭოს და განსახილველად წარმოდგენილი სადემონტაჟო ობიექტის დახასიათების დოკუმენტით დადგინდა, რომ იგი ტექნიკურად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ამდენად, ავტოფარეხის დემონტაჟი შესაძლებელია, საპროექტო კოტეჯების წარმოდგენილი ესკიზის შეთანხმების გარეშე. საბჭომ ასევე დაადგინა, რომ შემდგომ ეტაპზე წარმოსადგენია პროექტი, ფოტოფიქსაციითა და პანორამული ფოტომონტაჟებით, სადაც ნაჩვენები იქნება გარემო განაშენიანება“, - გვიპასუხეს კულტურის სამინისტროდან.

ცნობისთვის, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით 2020, 2021 და 2022 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ აბასთუმანში, დემონტაჟზე ან მშენებლობაზე სულ 24 ნებართვაა გაცემული. რაც შეეხება ადიგენის გამგეობიდან გაგზავნილ განცხადებებს, გასული წლის ნოემბრიდან დღემდე სულ შვიდი გაიგზავნა, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი, ხოლო 5-ზე პასუხი არ არის.