მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გაუგებარია, პროფილური ინფექციური საავადმყოფოსკენ ინვესტიციის მიმართვა” - ჭიაბერაშვილი

60e5d722817e7
ანუკა ჯოხაძე
07.07.21 22:20
541
ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში გადატანა 2022 წლიან იანვრისთვის იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა. როგორც ცერცვაძე ამბობს, ახალ შენობაში სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

ინფექციური საავადმყოფოს, როგორც ცალკეული ერთეულის არსებობას, კრიტიკულად აფასებს ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ამბობს, რომ პროფილური კლინიკები საბჭოთა კავშირის გადმონაშთია. მისი თქმით, თანამედროვე რეალობაში მსგავს კლინიკებში ინვესტირება არ არის მიზანშეწონილი. ჭიაბერაშვილის განმარტებითვე, შესაძლოა გამართლებული ყოფილიყო ინფექციური საავადმყოფოს კვლევით ცენტრად გადაკეთება, თუმცა ქვეყანაში ამ მიმართულებით შესაბამისი დაწესებულებები უკვე ისედაც ფუნქციონირებს.

“თუ ჩვენ ვდგებით ეპიდემიის რისკის ქვეშ ქვეყანაში, ამას ვერც 20 და 40 ან 100-საწოლიანი პროფილური ინფექციური კლინიკა ვერ მოერევა. ამისთვის სისტემაში უნდა არსებობდეს ზოგადი მზაობა, იმისთვის, რომ ჩვენ ვმართოთ ისეთი ეპიდემია, როგორც ამ შემთხვევაში კორონავირუსი იყო. ეს კარგად გამოჩნდა, როცა სახელმწიფომ თავდაპირველად გადაწყვიტა, რომ ინფექციურის დონეზე პანდემია ემართა, მაგრამ მალევე დავინახეთ საჭიროება, რომ თუ მთელი ჰოსპიტალური სექტორი არ არის ამისთვის მზად, პრაქტიკულად პანდემიის მართვა შეუძლებელია. ამიტომ სრულიად გაუგებარი იქნება თუნდაც, 40 ან 100 საწოლიანი ინფექციური საავადმყოფოსკენ ინვესტიციის მიმართვა, როცა ამ თანხით სამედიცინო პერსონალის გადამზადება შეიძლება მოხდეს. ეს კი იმისთვის, რომ ზოგადად ეპიდემიების მართვა შევძლოთ.”-აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ცნობისთვის, ყაზბეგის გამზირზე ინფექციური საავადმყოფოს არსებული შენობა, 2009 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ "ავერსი ფარმას" 12,5 მილიონ დოლარად მიჰყიდა. შესაბამისად, ზუსტად 11 წელია "ავერსი ფარმა" კუთვნილ შენობას, იმის გამო, რომ ადგილზე ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული ვერ იყენებს. სახელმწიფოს აღნიშნული ტერიტორიის გასხვისების შემდეგ ჰქონდა ვალდებულება, რომ ინფექციური საავადმყოფო 2 წლის ვადაში, ახალ სივრცეში გადაეტანა, თუმცა ამ დრომდე საკითხი მოუგვარებელია.

ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შეძენა გასულ ზაფხულში მოხდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, შენობის შეძენაში 33 მლნ ლარი დაიხარჯა, ამას კი დაემატება სარემონტო სამუშაოების ხარჯიც. აღნიშნულ პროცესს თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო კურირებს.