მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაუგებრობის მიზეზი დასადგენია“ - მინისტრი უფასო სწრაფი ტესტის ჩატარების თემით დაინტერესდება

5fcf39585f1be
ინგა მურუსიძე
08.12.20 12:35
1015
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დადგენილება გამოქვეყნებულია, რომელშიც განმარტებულია, თუ რომელ კლინიკებს დაევალათ ანტიგენზე სწრაფი ტესტების უფასოდ ჩატარება და თუ მათ ამის შესახებ არ იციან, "ეს ძალიან უცნაურია".

საქმე იმაშია, რომ უკვე რამდენიმე დღეა მთავრობა და დაავადებათა კონტროლი მოუწოდებს მოქალაქეებს, მივიდნენ კლინიკებში, რომლის სიაც გავრცელებულია და ჩაიტარონ სწრაფი ტესტები უფასოდ. Bm.ge-იმ ჩაატარა ექსპერიმენტი და NCDC-ის მიერ გავრცელებული ნუსხიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით რამდენიმე კლინიკას დაუკავშირდა. 10-ზე მეტი კლინიკიდნ მხოლოდ ორმა ("ევექსი" და "წმინდა იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრი") დაადასტურა, რომ სწრაფ ტესტებს აკეთებს, თუმცა მაგალითისთვის „ევექსის“ გლდანის ფილიალში ამბობენ, რომ დღეს მათ მხოლოდ 50 სწრაფი ტესტი ჰქონდათ და დილით ძალიან ადრე აღნიშნული მარაგი ამოიწურა.

საკითხთან დაკავშირებით  მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-იმ თავის ექსპერიმენტზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩააყენა საქმის კურსში და ჰკითხა -  რამდენად გადამოწმდნენ კლინიკები, რეალურად აკეთებენ თუ არა უფასო სწრაფ ტესტებს.

„ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რგოლის მხრიდან, როგორც დაავადებათა კონტროლის მხრიდან, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ამ პროცესს, ასევე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ პოლიტიკის დეპარტამენტიდანაც კლინიკებთან ხდება მუდმივი კომუნიკაცია; რამდენადაც ვიცი, მათთან კომუნიკაციაში ჩართული არის ჩემი მოადგილე თამარ გაბუნია და მისი თანდასწრებით ხდება ეს კომუნიკაცია. ცოტა უნაურია, თუ ამას კლინიკები დღემდე არ იცნობენ. გამოქვეყნებულია დადგენილებაც, რომლის ფარგლებშიც ყველას შეუძლია გაეცნოს რომელ კლინიკას და რა მოცულობით დაევალა ტესტების ჩატარება. ტესტების მოცულობას განსაზღვრავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი; გაუგებრობის მიზეზი არის დასადგენი და ზუსტი სიის მოწოდების შემთხვევაში უფრო დეტალურად დავინტერესდებით ამ საკითხით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.