24.მარტი .2020 22:30

გაუქმებული რეისების გამო ათასობით მგზავრმა იზარალა - არჩილ ცერცვაძე

views 465
უკან

“ათასობით რეისი გაუქმდა კორონავირუსის შედეგად შექმნილი ვითარების გამო და ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს მომხმარებლისთვის ახსნა და მათ უფლებებთან დაკავშირებით რჩევების მიცემა”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში”, Sky Lawyer-ის მმართველმა პარტნიორმა არჩილ ცერცვაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტანდარტულ შემთხვევაში, როდესაც რეისი უქმდება, ავიაკომპანიას ევალება მინიმუმ 2 კვირით ადრე შეატყობინოს მგზავრს ამის შესახებ და შესთავაზოს ბილეთში გადახდილი ფულის დაბრუნება, ან გადაცვლა სხვა ბილეთში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი დროით დისტანციას ვერ დაიცავს და 14 დღით ადრე ვერ გააფრთხილებს მგზავრს, მაშინ მოუწევს ავიაკომპანიას დამატებითი ფულადი კომპენსაციის გადახდა.

“თუმცა დღევანდელ ვითარებაში რეისების გაუქმება არ არის ავიაკომპანიის დანაშაული. ავიაციის სექტორი ახლა ფორსმაჟორულ მდგომარეობაშია და ასეთ შემთხვევაში კომპანიას ეხსნება კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, ისეთ შემთხვევაშიც კი, თუკი გაუქმების შესახებ მგზავრი ერთი დღით ადრე გააფრთხილა. კორონავირუსის შედეგად ორი სცენარი განვითარდა, პირველი იყო ის, რომ სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საზღვრები ჩაეკეტათ, ან კონკრეტულ ქვეყნებთან ფრენები გაეუქმებინათ და ამ დროს ავიაკომპანია ემორჩილება სახელმწიფოს და არ ევალება კომპენსაციის გადახდა.

მეორე სცენარის თანახმად კი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სახელისუფლებო ორგანოებს მსგავსი გადაწყვეტილება არ ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ავიაკომპანიებმა მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი, რაც გამოწვეული იყო საკუთარი თანამშრომლებისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ამ შემთხვევაშიც კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ავიაკომპანიებს არ ეკისრებათ. მაგრამ ბილეთის თანხის დაბრუნების, ან სხვა ბილეთში გადაცვლის ვალდებულება მათ მაინც აქვთ” , - აღნიშნა "Sky Lawyer"-ის მმართველმა პარტნიორმა.

ცერცვაძის თქმით, მიუხედავად ამ ორი არსებული ალტერნატივისა, ბევრმა ავიაკომპანიამ საერთოდ არ შესთავაზა თანხის დაბრუნება მგზავრებს და მხოლოდ სხვა ბილეთში უცვლიან, რადგან ფინანსურად ეს ავიაკომპანიას აწყობს და ალტერნატივა ამ შემთხვევაში მგზავრმა უნდა მოითხოვოს.

“Covid-19 ის შედეგად გაუქმებული ფრენების ფონზე ორი სცენარი განვითარდა, პირველი არის ის, რომ ავიაკომპანიებმა პროაქტიულად იმოქმედეს და თავად მისწერეს მგზავრებს, შესთავაზეს ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის არჩევა. და მეორე სცენარის თანახმად, ბევრმა ავიაკომპანიამ ეს ასე არ გააკეთა და საერთოდ არ შეეხმიანა მგზავრებს, ან შესთავაზა მხოლოდ ერთი ვარიანტი. ამ დროს მგზავრებს უფლება აქვთ, თუ ავიაკომპანიისგან არ მიიღეს შეთავაზება, თავად დაუკავშირდნენ და მოსთხოვონ ან გაკეთონ ეს იურიდიული კომპანიის მეშვეობით”, - განაცხადა არჩილ ცერცვაძემ.

მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ მართალია ეს პროცესი გაიწელება, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასიათასობით მგზავრი არის დაზარალებული, და თუკი სტანდარტულ შემთხვევაში ამას სჭირდებოდა 2-დან 6 კვირამდე პერიოდი, ამას რამდენიმე თვე და შეიძლება წელიც დასჭირდეს, რადგან ავიაკომპანიები ამ რაოდენობის საჩივრისა და წერილის გადამუშავებას ავიაკომპანიები ვერ აუდიან, ზოგიერთმა კი, საერთოდ შეაჩერა საჩივრების მიღება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა