მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაურკვეველია რამდენი რუსი მიგრანტი გადაწყვეტს საქართველოში დარჩენას - S&P

63105c23cea87
შოთა ტყეშელაშვილი
01.09.22 11:32
914
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-იმ საქართველოს შესახებ საკუთარი შეფასება განაახლა. ორგანიზაცია მოელის, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტით მეტია. S&P აცხადებს, რომ რუსი მიგრანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ასევე გაზრდილი ტურიზმი საქართველოს ადგილობრივი მოთხოვნის სტიმულირებას ახდენს. S&P აცხადებს, რომ არსებულ რეალობაში ისინი საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს უცვლელად, BB დონეზე შეინარჩუნებენ, ასევე უცვლელია საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” მოლოდინი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც სარეიტინგო სააგენტო განიხილავს, არის საქართველოში შემოსული მიგრანტების ნაკადი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ათასობით რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მიგრანტი მიიღო, უცნობია თუ რამდენი მათგანი გადაწყვეტს ქვეყანაში გრძელვადიან ჭრილში დარჩენას. სწორედ რუსი და ბელარუსი მიგრანტების გადმორიცხვებს და ხარჯებს მიიჩნევს S&P ქვეყანაში არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ წამყვან კონტრიბუტორად.

“საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი მიგრანტთა ნაკადია, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო. რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან ჩამომსვლელთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მათ შორის ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. კონკრეტული მაგალითები მიუთითებს, რომ საქართველოში ძირითადად ჩამოდიან პროფესიონალები, რომელთაც დისტანციურად მუშაობის უნარი აქვთ და რომლებიც რუსეთის შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას და საერთაშორისო სანქციების შედეგებს გამოექცნენ. ცალკეულ შემთხვევებში ბიზნესებიც გადმოვიდნენ საქართველოში.

მიუხედავად მოკლევადიან პერიოდში არსებული ხელსაყრელი ეკონომიკური ფაქტორებისა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ არის შესამჩნევი, 2022 წლის შემდგომ ამ ფაქტორების შენარჩუნება ბუნდოვანია. პირველ რიგში გაურკვეველია რამდენი ახალი მიგრანტი გადაწყვეტს საქართველოში დარჩენას და როდის დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ დანიშნულების ადგილს ან სამშობლო ქვეყანას,” - წერს S&P-ი.

S&P მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ნარჩუნდება მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რისკები, რასაც ძირითად სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური შენელებაც ერთვის თან.

S&P აცხადებს, რომ საქართველოს იმპორტ-დამოკიდებულება და საგადასახდელო ბალანსის მაღალი დეფიციტი კვლავ წამყვან სისუსტეს წარმოადგენს. ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ ეკონომიკაში არსებული ვალდებულებების მაღალი დოლარიზაციაც ფინანსურ რისკს წარმოადენს და ის მონეტარული პოლიტიკის მოქნილობას ზღუდავს.

S&P აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონის ქვეყნებს შორის შედარებით უკეთესი მმართველობა და ინსტიტუციური მოწყობა აქვს. ასევე დადებითად არის შეფასებული გაცვლითი კურსის მოქნილობა, რომელიც კრიზისის დროს შოკის შთანთქმას უზრუნველყოფს.

S&P-ის მიმოხილვაში საუბარია პოლიტიკურ დაძაბულობაზეც, რასაც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზეც აქვს გავლენა.

“2022 წლის ივნისში ევროკავშირმა მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს უარი უთხრა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე და ამის ნაცვლად მას ე.წ. “ევროპული პერსპექტივა” მისცა. ქვეყანას განესაზღვრა ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც კანდიდატის სტატუსის წინაპირობაა. ეს ვალდებულებები კრიტიკულ სფეროებს მოიცავს, ისეთებს როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა; კორუფცია, პოლიტიკური პოლარიზაცია და სხვა,”- წერს S&P.

საბიუჯეტო თვალსაზრისით, S&P-ი წერს, რომ ქვეყანაში გაზრდილია შემოსავლები, რაც დეფიციტის დონის სტაბილიზაციას უწყობს ხელს. S&P მოელის, რომ 2025 წლისთვის სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 44%-მდე შემცირდება.

საფინანსო სექტორთან დაკავშირებით კი S&P-ი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქმედი რეგულირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, ხოლო ქართულ ბანკებს კაპიტალის ადეკვატური მაჩვენებლები აქვთ.