მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გავბედავ და მაინც ვიტყვი"-რისი თქმა გაბედა ტიკარაძემ და რა კავშირშია ის 520-ე დადგენილებასთან

5e3ad7bde7013
თელარა გელანტია
05.02.20 18:56
3292
„არ ვთვლი, რომ ჩემ მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი აუცილებლად დადებითად უნდა შეფასდეს“, - ეს განცხადება „მინიტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში მისულმა ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მთავრობის 520-ე დადგენილებას და სამედიცინო საზოგადოების მხრიდან მოყოლილ შეშფოთებას და პროტესტს შეეხებოდა.

პარლამენტის ტრიბუნიდან მინისტრმა საკუთარ ეჭვებზეც ისაუბრა. „შეიძლება ეს ამ ტრიბუნიდან იყოს ძალიან მწვავე განცხადება, გავბედავ და მაინც ვიტყვი“, - თქვა მინისტრმა.

ის ეჭვობს, რომ შესაძლოა, ზოგიერთი მომსახურეობის არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ფასიც ხელოვნურად ყოფილიყო გაზრდილი.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადების ამ ნაწილს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„520-ე დადგენილება დიდი ხანი არაა, რაც ამოქმედდა. გვაქვს მხოლოდ 2-თვიანი სტატისტიკა იმასთან მიმართებაში თუ რამდენად შეფერხდა სერვისების მიწოდება. თავდაპირველადაც ამ ნოზოლოგიების ამორჩევა არ იყო შემთხვევითი, ვინაიდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან სტატისტიკის შედარებით იკვეთებოდა, რომ სწორედ აქ იყო ხელოვნურად გაზრდილი ზოგიერთი მომსახურეობის არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ფასიც. დღესდღეობით დავინახეთ, რომ 4.8%-ით არის შემცირებული მომსახურება ამ მიმართულებით და ამასთან ერთად, ლეტალობის მაჩვენებელი არის შემცირებული 19%-ით; ასევე გართულებები შემცირებულია 30%-ით.

ამის საფუძველი ჩვენ გაგვაჩნდა ჩვენს ბაზაზე დაყრდნობით; მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ამ ტრიბუნიდან იყოს ძალიან მწვავე განცხადება, გავბედავ და მაინც ვიტყვი - კარდიოლოგიური ჩარევები სამინისტროში მოდის დისკზე აღბეჭდილი. ამ დისკების ანალიზის შედეგად, ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული რაოდენობები, რომელიც იყო მოთხოვნილი, არ შეესაბამებოდა იმ რაოდენობას, რომელიც განხორციელებული და აღბეჭდილი იყო დისკზე.

აქედან გამომდინარე, ჩვენმა რეგულირების სამსახურმა, რა თქმა უნდა, დაიწყო მუშაობა; ისინი ინტენსიურად მუშაობენ. ამის შედეგებსაც ჩვენ გავასაჯაროებთ და მზად ვართ, მოკვლევის სრულად დასრულების შემდეგ ის თქვენთან წარვადგინოთ და გამოიკვეთება თუ არა აქ დანაშაულები, ეს უკვე ჩვენი უწყების სამსჯელო არაა. ჩვენ შეგვიძლია, ამაზე საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელოთ და ჩავრთოთ შესაბამისი სტრუქტურები“, - განაცხადა მინისტრმა.

თემასთან დაკაშირებით მეტი დეტალის გასაგებად, bm.ge ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკაშირდება და დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ამაზე აუცილებლად დაწერს.