მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გავკოტრდებით და ამ ბიზნესს სხვა ქვეყანა წაიღებს” - ავტოიმპორტიორები მთავრობას მიმართავენ

602ab5f5d4b9e
თამთა ჯიჯავაძე
15.02.21 23:30
4156
დღეს, რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოიმპორტიორებმა აქცია გამართეს, ისინი 2020 წლის პირველი მაისის შემდეგ შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების გადასახადის წლის ბოლომდე გადავადებას ითხოვენ.

როგორც „საქმის კურსში“ ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელმა განაცხადა, 1 მარტიდან მათ მიერ შემოყვანილი ავტომობილები უკვე 1000-ლარიან ჯარიმებს დაექვემდებარება, ამიტომაც მათ ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს შემოსავლების სამსახურს გადავადების თხოვნით.

„მივმართეთ წერილობით, რომ ეს 1000-ლარიანი ჯარიმები ან ჩამოეწერათ, ან თუ არ ჩამოწერენ, მაშინ წლის ბოლომდე მოგვცენ შესაძლებლობა რომ ჩვენი ავტომობილები ამოვყიდოთ. თუმცა, მათგან პასუხი დაახლოებით უფრო მუქარის შემცველია“, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

მისივე თქმით, პრობლემაა ისიც რომ რუსთავის ავტობაზრობა მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშაობს, შაბათ-კვირას დაკეტილია, რის გამოც გაყიდვებიც შემცირებულია.

„ორშაბათიდან პარასკევამდე ღიაა ავტობაზრობა, მაგრამ ეს არანაირი შეღავათი არაა იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი ბიზნესი სტაბილურად ვაწარმოოთ. ამიტომაც ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა ბაზრობის შაბათ-კვირას გახსნაცაა“, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

„გვინდა რომ გადავრჩეთ ამ კრიზისულ პერიოდში. საკითხავია, საქართველოში საერთოდ იარსებებს თუ არა ავტოიმპორტი მომდევნო წლებში. თუ სახელმწიფო უწყებებისგან გამოხმაურებას არ მივიღებთ, ავტოიმპორტიორები გაკოტრდებიან და ამ ბიზნესს რომელიმე მეზობელი ქვეყანა წაიღებს. საქართველო კი 700-800 მლნ დოლარამდე წლიურ ბრუნვას დაკარგავს“, - დასძინა მან.