მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გავთავისუფლდები სამსახურიდან და ზეპარტიულ მარშს შევუერთდები“ - ნიკოლოზ შურღაია

619766e3a7022
ვიქტორია მღებრიშვილი
19.11.21 12:58
3900
ბიზნესმენი ნიკოლოზ შურღაია დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება - ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს, სადაც აღნიშნავს, რომ მას ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანა უნდა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე აქვს და ქუჩაში მსვლელობა არ ეხალისება, სამსახურიდან გათავისუფლდება და თავის პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ასე დააფიქსირებს. ნიკოლოზ შურღაია აღნიშნავს, რომ ეს მისთვის ზეპარტიული პროტესტი იქნება.

BM.GE ნიკოლოზ შურღაიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მე, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დავიბადე. როგორც პიონერმა, კომკავშირელმა და ახალგაზრდა მოქალაქემ კარგად ვნახე - რა იყო ის ქვეყანა.

1991 წელს დიდი ბრძოლით და უფლის წყალობით საქართველომ თავისუფლება მოიპოვა. ეს ბედნიერი მომენტი იყო თითქმის ორასწლიანი ტყვეობის შემდეგ. ტყვეობისას სხვა ერებთან კავშირში მიზანმიმართულმა განვითარებამ, რასაც დადებითი მხარეებიც მრავლად ჰქონდა, დიდი მატერიალური კეთილდღეობა მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ამავე დროს, ბევრით დავკნინდით, პირველ რიგში, სულიერად. ქურდობასაც მასობრივად დავეჩვიეთ, სხვადასხვა ფორმით.

დღეს ვიღაცეები მინატრიან იმ დროს და ჩვენს ქვეყანას საბჭოთა კავშირის შთამომავლის ნაწილად ხედავენ (გიორგიევსკის ტრაქტატი ასე იყო - ჯერ მოკავშირეობაო და შემდეგ გადაგვყლაპეს. მათი წადილის ასრულებაც ასევე შეიძლება მოხდეს - ნელ-ნელა მოგვთხოვს ტირანია უკანდახევას). მათ შევახსენებ, ოთხმოცდაათიან წლებში რაც დაგვემართა ის ჩვენივე თავს დავმართეთ შინააშლილობით, ძმათა ძარცვით და კორუფციით. სსრკ აღარ არის და აღარასოდეს იქნება. მისი შთამომავალი ბევრად უფრო ღარიბი, ტექნოლოგიურად უიმედოდ ჩამორჩენილი, ძალიან უთანაწორო და წინანდელზე არანაკლებ სასტიკი ქვეყანაა. არცერთი მათი სატელიტი ქვეყანა არ ცხოვრობს კარგად. მათ აქვთ დადებითი მხარეებიც და დიდი სამხედრო სიძლიერე. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდ ძლიერ მეზობელთან ურთიერთ პატივისცემა და მშვიდობიანი თანაარსებობა სასურველია. ამავე დროს, ჯურღმულში დაბრუნება დაუშვებელია.

ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში მიისწრაფოდა ევროპის ნაწილი გამხდარიყო. მნიშვნელოვანი მომენტები იყო ედუარდ შევარდნაძის მიერ დასავლეთისკენ მიმავალი კურსის ჩამოყალიბება და განმტკიცება, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს აშშ და ევროპის ქვეყნების მხარსაჭერის მნიშვნელოვანი ზრდა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. დასავლეთის ქვეყნებისგან უდიდესი დახმარება მივიღეთ დამოუკიდებლობის წლებში. ახლაც დიდ დახმარებას ვიღებთ. ჩვენი ასეულ ათასობით მოქალაქე მუშაობს დასავლეთის ქვეყნებში და მილიარდზე მეტ დოლარს აგზავნიან სამშობლოში ოჯახების სარჩენად წლიურად. ჩვენი შერჩენილი ტერიტორიის და საზღვრების დაცვასაც დასავლეთის ქვეყნებზე ჰკიდია. საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას დასავლეთის მეკავშირეობა და პარტნიორობა სურს.

არ მჯერა, რომ რომელიმე დიდ პარტიას ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლა და ჩრდილოეთისკენ სვლა უნდოდეს. ამავე დროს, არ მომწონს, ბოლო ორ წელიწადში და განსაკუთრებით ბოლო თვეებში, გახშირებული დასავლეთის საწინააღმდეგო ქმედებები და განცხადებები მაღალი ტრიბუნიდან. სულ უფრო მეტად ვემიჯნებით და ვუპირისპირდებით დასავლეთს, უკვე დავიწყეთ იქ მტრების ძებნა და მათი ტალახში გათხვრა. ეს სახიფათო ტენდენციაა და ჩვევაში არ გაგვიჯდეს!

ტირანული ქვეყნები და მათი აგენტურა ნელ-ნელა და გამოზომილად მოქმედებენ. მათ დიდი მატერიალური რესურსები და მოთმინება აქვთ. ისე შეუძლიათ ჩვენს პოლარიზებულ საზოგადოებას თავს მოახვიონ საკუთარი ნება, რომ ბევრი ჩვენგანი შიშით, არდაჯერებით, თანამოძმის სიძულვილით შეპყრობილი ან გამორჩენის სურვილით, ხმას არ ამოიღებს. შეიძლება მაშინ გამოფხიზლდეს ჩვენი უმრავლესობა როდესაც უკვე გვიანი იქნება.

ვინმე აგენტს ან ქვეყნის ინტერესების სულმდაბალ გამყიდველს, რომ არ ეგონოს საქართველოს თავისუფლების ნების გატეხას შევძლებთო, გადავწყვიტე ჩემი მცირე წვლილი შევიტანო დამოუკიდებლობის დაცვაში. რამდენიმე საათით გავთავისუფლდები სამსახურიდან და პარასკევს 3 საათზე დაგეგმილ ზეპარტიულ მარშს შევუერთდები. ბევრი საქმე მაქვს და სულ არ მეხალისება ქუჩაში მსვლელობა. ამავე დროს, გაფრხილება და პრევენცია სჯობს მერე ვაი-ვიშს.

რომელიმე პარტიას არ ეგონოს, რომ ჩემი და ბევრი სხვა ადამიანის იქ მისვლა მათ მომხრეობას ნიშნავს. ეს ზეპარტიული მარშია. მე საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის მომხრე ვარ. სამართლიანი, თანასწორი და განვითარების გზაზე მდგარი საქართველოს მომხრე და მოსურნე. "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი".

"თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“, - წერს ნიკოლოზ შურღაია.