მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაწყვეტს თუ არა მთავრობა ხვალ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას - ცქიტიშვილის პასუხი

5da60ff4a8b21
თელარა გელანტია
15.10.19 22:35
1592
საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ვადის ამოწურვის მიუხედავად ხელშეკრულების გაწყვეტას არ აპირებს, -  ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ გადაცემაში - „პირისპირ“ განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გვაძლევს სრულ უფლებას, მოვშალოთ იგი დღესვე იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვერც საკუთარი კაპიტალის მოპოვების ვალდებულება და ვერც ბანკებთან წინასწარი შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება,  იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რომ ჩვენ არცერთ ჩვენს ოპონენტს, მათ შორის კონსორციუმს და არც პოლიტიკურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და ჩვენ მივცემთ კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე ამოწუროს მისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე - საერთაშორისო ბანკებიდან სახსრები“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმითვე, იგი მიესალმება ინვესტორიების არსებობას, რომლის შესახებაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

„სწორედ ამის გამო, არ შევწყვეტთ ამ ხელშეკრულებას და კონსორციუმს მივცემთ შესაძლებლობას და მის ინვესტორებს, რომ მიაღწიონ შეთანხმებებს იმისთვის, რომ ამ პროექტში მოიზიდონ კაპიტალი“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს დღის პირველ ნახევარში გამართულ პრესკონფერენციაზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კაპიტალის $120 მილიონით შევსებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან $400 მილიონის სესხის გაცემის შესახებ წინასწარი თანხმობის წარსადგენად ვადა დღის ბოლომდე მისცა. აღნიშნული ვადა, სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის დადებულ ხელშეკრულებაშიც არის ასახული.

თავის მხრივ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დღეს მედიას განუცხადა, რომ არანაიარი დოკუმენტაციის წარდგენას არ აპირებდნენ.