08.სექტემბერი .2019 14:10

გახარია - ლარის კურსის მერყეობა არ უნდა იყოს შოკური და მოულოდნელი

views 415
უკან

ლარის კურსის მერყეობა არ უნდა იყოს შოკური და მოულოდნელი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ლარის კურსზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გახარიას თქმით, კურსის საკითხი უნდა იყოს დაბალანსებული და “არ შეიძლება, რომ ასეთი მერყეობისთვის მზად არ ვიყოთ”.

“2 ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური ფაქტორი ლარის კურსთან დაკავშირებით - ეს გახლავთ ჩვენი მოქალაქეები და იურიდიული პირები, რომლებსაც სესხები აქვთ დოლარში და გაცვლითი კურსი პირდაპირი დარტყმაა მათთვის. ეს უკვე არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ პრობლემებში გადადის. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ლარიზაცია. ერთმნიშვნელოვნად ლარიზაცია იყო სწორი გადაწყვეტილება.

და რა თქმა უნდა, ფასების ზრდა. აქ ჩვენ ფინანსური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის ნაწილში ძალიან მჭიდროდ უნდა ვიმუშაოთ ეროვნულ ბანკთან. ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.

ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა გახდეს შემდეგი: ლარის კურსის მერყეობა არ უნდა იყოს შოკური და მოულოდნელი. ის უნდა იყოს ძალიან დაბალანსებული. არ შეიძლება, რომ ასეთი მერყეობისთვის მზად არ ვიყოთ. ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა. ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის დიდი ნაწილი დამოკიდებულია ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე, თუმცა, ჩვენ შიდა მდგრადობის ბევრი კარგი კომპონენტი გაგვაჩნია. მარტივი გადაწყვეტები არსებობს, როგორც ადრე წყვეტდნენ - საგარეო ვალის ხარჯზე ლარის კურსის დაჭერა. მარტივია, საგარეო ვალი, რეზერვები, დოლარის მიწოდება ბაზრისთვის და დოლარი შეიძლება გავხადოთ...მაგრამ ეს არის ეკონომიკისთვის გრძელვადიანად დამანგრეველი. ამიტომ ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს სამუშაო ადგილები, დივერსიფიცირებული ეკონომიკა, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა, რამეთუ ლარის მერყეობას არ ჰქონდეს ისეთი სერიოზული სოციალური ზეგავლენა, რომელიც აქვს დღეს”,- განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა