მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - მაღალჩინოსნებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს

5e0101c4e5bb4
BM.GE
23.12.19 22:45
772
საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების განახლება მომავალი წლიდან იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრისას აღინიშნა.

ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ასევე - პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელიც მხარეებმა პროდუქტიულად შეაფასეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე.

აღინიშნა, რომ პროცესი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში, ორივე სახელმწიფოს ინტერესებისა და მეგობრობის გათვალისწინებით უნდა განვითარდეს.

საუბარი შეეხო სატრანსპორტო დერეფნის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის, ასევე ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ათვისების კუთხით ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას.

ამ კონტექსტში პოზიტიურად შეფასდა სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) გახსნა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ და ხაზი გაუსვა მეგობარი სახელმწიფოების ძალისხმევის მნიშვნელობას მისი დროულად გათავისუფლების პროცესში. გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისაა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ელმარ მამედიაროვი თბილისს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია, რომელიც ქვეყნებს შორის მოქმედი სამმხრივი ფორმატის ფარგლებში გაიმართა.