16.სექტემბერი .2020 11:06

გახარია „მწვანე ქვეყნის“ სტატუსს ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპის შესაძლებლობად აფასებს

views 267
უკან

"საქართველომ შეძლო "მწვანე ქვეყნის" სტატუსის მოპოვება და საქართველო საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა დღეს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, პოსტ-კრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსთვის ტურიზმის სექტორისთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის შესაძლებლობად იქცეს.

„პოსტ-კრიზისულ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იქნება და ჩვენი სურვილია, ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება. ვფიქრობთ, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა, ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს და ღონისძიება წარმატებით ჩაივლის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის:საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში.

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა