23.იანვარი .2020 21:19

გახარია: საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა, ბევრი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი

views 344
უკან

დავოსი არის ფორმატი, სადაც ბიზნესლიდერები და პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადენლები განიხილავენ გლობალურ აქტუალურ საკითხებს; ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილეთ როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო უნდა გახდეს და გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, თუმცა ჩვენ ბევრი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2020 წელს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველო წარადგენს კონკრეტულ ხედვას, როგორ ხედავს ევროკავშირში ინტეგრირების შემდგომ პროცესს და ეს იყო ძირითადი თემები, რაზეც საუბარი შედგა ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ხორვატიის პრეზიდენტებსა თუ პრემიერებთან.

“ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ პროგრესს, ყურადღებით აკვირდებიან საარჩევნო პროცესს, ამბობენ, რომ არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო და ეს პასუხისმგებლობა ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია. გარდა ამისა, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ უსაფრთხოების კონტექსტზე, განსაკუთრებით შავი ზღვის კონტექსტში და ეს ის ფუნქციაა, რომლითაც დღეს საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპული უსაფრთხოების კონცეფციისა და არქიტექტურის შექმნაში. ამას ჩვენი პარტნიორები აფასებენ, ასევე აფასებენ საქართველოს ინტეგრირების ხარისხს ნატოსთან და აცხადებენ, რომ 2019 წლის შედეგები ნატო-საქართველოს თანამშრომლობაში მართლაც შთამბეჭდავია”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა