მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია სებ-ს აკრიტიკებს - "50 მილიონი ლარი შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს"

5d9f10303ffd1
შოთა ტყეშელაშვილი
10.10.19 15:00
4305
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკი 50 მილიონი ლარის რესურსს ახალი ოფისის აშენებაზე არ უნდა ხარჯავდეს. პრემიერი ამბობს, რომ გაცილებით უფრო ნაკლები დანახარჯებითაც არის მსგავსი ოფისის შექმნა შესაძლებელი. 

"ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო, ბიუჯეტიდან არცერთი კაპიკი არ გადის. მიუხედავად ამისა, გეტყვით, რომ ამხელა რესურსი ორგანოს, თუნდაც ეროვნული ბანკი იყოს, რომელიც არის მაკონტროლებელი ორგანო შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. მე ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება,"- ამბობს გიორგი გახარია. 

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკი სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლის შენობაში არის განთავსებული.

სებ-ი 50 მილიონ ლარად ახალი ოფისის აშენებას გეგმავს, რისთვისაც ორგანიზაციამ თბილისის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა. 

2019 წლის 26 ივლისს განხორციელებული ტრანზაქციის შედეგად, ცირკსა და ყოფილ რესტორან "არაგვს" შორის არსებული 8,779 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ეროვნული ბანკის საკუთრებაში გადავიდა, ახალი სათავო ოფისის კონსტრუირება სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდება. 

აგვისტოში სებ-მა ახალი სათავო ოფისის პროექტირების პროცესისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა. 

ტექნიკურ დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება 50 მილიონი ლარი, მისი მშენებლობის ვადები კი 38-44 თვეს შეადგენს. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი შენობა – "A კლასის", მისი ჯამური ფართობი კი 17,000 კვ.მ იქნება. 

ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ეწევა იუსტიციის სახლის იმ ფლიგელს, რომელშიც ეროვნული ბანკი არის განთავსებული.