09.დეკემბერი .2019 15:17

გახარია სურგულაძეზე - "ადამიანს წასვლა უნდოდა, ძალით ხომ არ ვამუშავებდით? თანაც თქვა, რომ ილოცებს"

views 1484
უკან

"ადამიანს წასვლა უნდოდა, ძალით ხომ არ ვამუშავებდით, თანაც თქვა, რომ ილოცებს", - საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

"საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი სოციალური რეფორმების ქვეყანაში. ასევე არის გრძელვადიანად მნიშვნელოვანი. ბატონმა სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა მოვალეობები. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მის პირად გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს პირადი გადაწყვეტილებაა, მას ჰკითხეთ ამის შესახებ სერიოზულია თუ არასერიოზული (ნაადრევად გადადგომა). ის იყო სააგენტოს ფაქტობრივად მენეჯერი, სააგენტოს ჰყავს ბორდი და კიდევ ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზედ პატივსაცემი და რეპუტაციის მქონე ადამიანები. ადამიანმა თქვა, რომ “მინდა წასვლა”, ძალით ხომ არ ვამუშავებთ?, თანაც თქვა, რომ ილოცებს,"- ამბობს გიორგი გახარია.

"რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით და ის გაგრძელდება წარმატებით, მე დარწმუნებული ვარ ამაში, მე ამის შესახებ ვილოცებ ყოველთვის. მე ვიქნები მორალურად ჩემი გუნდის გვერდით მორალურად”,- დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა ლევან სურგულაძემ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოს საპენსიო სააგენტოში 943,113 ადამიანის მიერ დაგროვილი 461 მილიონი ლარია განთავსებული. სისტემაში სულ 60,000 კომპანია არის გაწევრიანებული.

ლევან სურგულაძის განცხადებით, სისტემის ამოქმედებიდან დღემდე, სქემა 163,000-მა ადამიანმა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ავტომატურად გაწევრიანდა ყველა, ვინც ხელფასს ოფიციალური ხელფასის საფუძველზე იღებს. საპენსიო სააგენტოში ყოველთვიურად ხელფასის 6% ირიცხება, საიდანაც 2% მოქალაქის საშემოსავლო გადასახდს წარმოადგენს, 2%-2% კი დასაქმებული და დამსაქმებელი რიცხავენ. სისტემის დატოვების უფლება მხოლოდ 40 წელს ზემოთ მოქალაქეებს აქვთ, 40 წლამდე პირებისთვის კი დაზოგვა ვალდებულებას წარმოადგენს.