მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია: უკრაინასთან პარტნიორობას უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო, ეჭვქვეშ არ დავაყენებთ

5eb662d4cf13a
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.20 11:49
1087
7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა. დღეს კი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამ პროცესთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქართველო "ცალკე აღებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო" უკრაინასთან პარტნიორობას ეჭვქვეშ არ დააყენებს.

"ამ სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს შორის ძმობას ცალკე აღებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ. ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ და მხოლოდ კონსულტაციებისთვის იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ უკრაინელ ხალხთან ჩვენი სტრატეგიული, ძმური ურთიერთობები ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სამწუხაროდ, თავიანთი პირადი გაურკვეველი ამბიციებისა და ეგოების გამო რისკის ქვეშ აყენებენ ბევრ რამეს. მეორეს მხრივ, ჩემთვის გაუგებარია, ისეთი სამწუხარო გამოცდილების შემდეგ, რაც უკრაინას ოდესის შემდგომ გააჩნია, კიდევ ერთხელ ასეთი რამ ხდება.

„გასაგებია, რომ ის დაინიშნა არა მაღალ სამთავრობო პოზიციაზე, არამედ რაღაც მრჩევლად თუ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად, მაგრამ ეს მაინც გაურკვეველია. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ოდესის შემდგომ, რა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ გაურკვეველი ისტორიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები დაგვებრუნებინა ნორმალურ, სტრატეგიული მოკავშირეობის ფარგლებში. მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული და ვიმყოფებოდი კიევში, მქონდა პირადი შეხვედრები. ელჩს ვიწვევთ კონსულტაციებისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ ჩვენს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენონ, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს, რომ ეს მათი ქვეყნის შიდა საქმეა, პრემიერმა ამ თემაზე დასმულ კითხვას უპასუხა, რომ მსგავს წინადადებებს უნდა მოჰყვეს გაგრძელება, რომ ისინი ასევე უზრუნველყოფენ, რომ შემდგომში სააკაშვილის მხრიდან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს.

„როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს მიერ ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი აზრით საქართველო ამ ნაბიჯის გადადგმით შეცდომას უშვებს.

"ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მას უკრაინული პასორტი აქვს და მე უკრაინის პრეზიდენტი ვარ, ის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ მე დავნიშნე", - ამბობს ზელენსკი.