მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარიამ მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართა

5e133ead078a1
თელარა გელანტია
06.01.20 18:02
1211
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„მთავრობის მეთაურთან წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები განიხილეს, რომელსაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები პრობლემის დაფიქსირების პირველივე წუთებიდან დგამენ.

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წყალი შეფერხებით გუდაურში მხოლოდ „რედკოს“ კომპლექსს, ხოლო ბაკურიანის დაახლოებით 10%-ს მიეწოდება, რის აღმოსაფხვრელადაც მუშაობა ინტენსიურად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა განმარტებით, პრობლემა გამოიწვია უმეტესად მშრალმა, უნალექო კლიმატმა, რის შედეგაც წყლის რესურსი მკვეთრად შემცირდა. ასევე სწორედ წყლის არასაკმარისი რესურსის გამო ვერ მოხერხდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამუშავებაც.

საკოორდინაციო ჯგუფის ინფორმაციით, ზამთრის კურორტებზე, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია საცობების პრობლემა, ასევე - საგზაო ინფრასტრუქტურა - დასრულებულია შემოვლითი გზის მშენებლობა, წრიული გზის რეაბილიტაცია და შექმნილია დამატებითი საპარკინგე სივრცეები.

შეხვედრის დასრულებისთანავე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები კვლავ ადგილზე, ბაკურიანსა და გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, რათა შესაძლო ხარვეზები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი”, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.