მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარიას გადადგომა ეკონომიკურ პროცესებს შეაჩერებს, რაც შეიძლება დამღუპველი იყოს - ეკონომისტი

602e227a631e7
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.21 12:24
1094
საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახარიამ თავისი გადაწყვეტილება მმართველ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობით ახსნა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების საკითხს უკავშირდებოდა. რა გავლენას იქონიებს პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვება ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის გავლენით შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში? - ამ კითხვით BM.GE-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანს სოსო ბერიკაშვილს მიმართა.

„ნებისმიერი პოლიტიკური არასტაბილურობა, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პირობებში ძალიან ცუდია შიდა ბიზენესისა და მათი მოლოდინებისთვის და ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც“, - განაცხადა ბერიკაშვილმა და განმარტა, რომ დღემდე მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია ეკონომიკური პროცესების მართვაში აქტიურად იყო ჩართული.

სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი პრემიერის დანიშვნამდე პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესები შეჩერდება, რაც ეკონომიკისთვის ცუდი იქნება.

„ამ პრემიერს ჰქონდა მიმდინარე საქმეები და პროცესები, რომლის მართვაში აქტიურად იყო ჩართული. რამდენად კარგად ასრულებდა ბიზნესის თხოვნებს სხვა საკითხია, თუმცა ამ ყველაფერმა პროცესები შეიძლება ცოტა ხნით შეაჩეროს, რაც აღნიშნულ პერიოდში შეიძლება დამღუპველი იყოს, სანამ ახალ პრემიერს დაამტკიცებენ“, - განმარტავს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი.

მისი თქმით, კრიზისულ პერიოდში მთავრობის სათავეში სწრაფი გადაწყვეტილებების მიმღები პირი უნდა დაინიშნოს, რადგან სწრაფი მოქმედება აუცილებელია.

„მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების სათავეში გადაწყვეტილების მიმღები პირი იყოს, რათა სწრაფად იმოქმედოს. ჩვენ კიდევ ძალიან მძიმე კრიზისში ვიმყოფებით და ამ კრიზისიდან გამოსავალი მოსაძებნია. გიორგი გახარიას ჰქონდა ბიზნესთან ურთიერთობის გამოცდილება და შეეძლო მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება“, - უთხრა BM.GE-ის სოსო ბერიკაშვილმა.