20.აგვისტო .2020 11:44

გახარიას განცხადებით, მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს ვენახებისა და ხე-ხილის ბაღების აღდგენაში დაეხმარება

views 358
უკან

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კახეთსა და რაჭაში, ასევე სხვა რეგიონებში სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს ნერგებით დაეხმარება.  როგორც გახარიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის პროგრამის "დანერგე მომავლის" ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი, შესაბამისი პროგრამა გაჩნდება. პროგრამა დაზარალებული ფერმერების ვაზის ჯიშებით დახმარებასაც გულისხმობს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა სტიქია რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით ეს იყო კახეთი, რომელიც დაზარალდა სეტყვის გამო და რაჭაშიც. რაში მდგომარეობს ცვლილებების არსი - მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეფექტურად მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით, თუმცა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ფერმერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, რომ რაც შეიძლება მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი გახლავთ ის, რომ ეს პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ძირითადად, ფარავდა მიღებული მოსავლის რისკებს, მისი დაკარგვის რისკს. დღეის მდგომარეობით ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენს ბევრ ფერმერს უბრალოდ გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, მიიღოს სახელმწიფოსგან დახმარების სახით ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები იმისთვის, რომ მან აღადგინოს თავისი მრავალწლიანი ბაღები და რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც. მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, უფრო მაღალი ხარისხის და ღირებულების ვაზის ჯიშები, იმ ჯიშებით, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში. მაგალითად, რქაწითელი, იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება. ეს პროგრამა დაიწყება წელს, 2020 წლის 15 ივლისის შემდეგ დაზარალებულ გლეხებით და შემდგომ გაგრძელდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რამეთუ ჩვენ ნელ-ნელა, ეტაპობრივად შევძლებთ უფრო ხარისხიანი ჯიშებით ჩავანცვლოთ როგორც ვაზი, ასევე სხვა მრავალწლიანი კულტურები ,“- განაცხადა გახარიამ.