მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარიას გუნდმა პარლამენტში 2 საკანონმდებლო ინიციატივა დააანონსა

60d1dcf4e24c6
BM.GE
22.06.21 18:15
2828
პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიგი ხოჯევანიშვილმა პარტიის პროგრამის მიხედვით, კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა დააანონსა. როგორც გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდის წევრმა განაცხადა, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი მიმართულება არის ახალი რეგიონული პოლიტიკა, რათა მივიღოთ მეტად დეცენტრალიზებული თვითმმართველობა, რომ ეფექტიანად მოხდეს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების გადაჭრა.

ხოჯევანიშვილის თქმით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმ რისკების მინიმალიზაციაზე, რომელიც თან ახლავს აღნიშნულ პროცესს, საუბარია კორუფციულ და სხვა რისკების შემცირებაზე.

„ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე 2 კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც უახლოეს დღეებში მივმართავთ პარლამენტს, ეს არის, პირველი - სახალხო ბიუჯეტირება. ეს გულისხმობს სოფლის, დაბის, ქალაქის მოსახლეობისთვის - ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ და უფრო აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საკანონმდებლო ინიციატივით თითოეულ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გარკვეული თანხის - ბიუჯეტის გარკვეული პროცენტის ალოკაცია მოხდება ამ პროგრამაზე - სახალხო ბიუჯეტირებაზე და მოსახლეობამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული, რა მიმართულება არის ამა თუ იმ დაბისთვის, სოფლისთვის თუ ქალაქისთვის ნომერ პირველი გამოწვევა და რა მიმართულებაზე სურთ დაიხარჯოს თანხა“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე განმარტებით, მეორე ინიციატივა მუნიციპალიტეტებში არსებული სახელმწიფო ქონების განკარგვას ეხება.

„მეორე ინიციატივაც მნიშვნელოვანია, საკითხზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს - ეს არის რეგიონებში გაფანტული სახელმწიფო ქონება, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ აქვს. ეს არის ყბადაღებული საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა - ამ თვალსაზრისითვიხელმძღვანელეთ ევროპული პრაქტიკით, როდესაც წლების განმავლობაში არ არის ესა თუ ის ქონება დატვირთული და იმის ფონზე, რომ თან წარმოადგენს უსახურ შენობებს, თან წარმოადგენს ისეთ ქონებას, რომლის რეალიზების შემთხვევაში შეიძლება დამატებითი ღირებულება შეიქმნას. ამიტომ, ეს არის კიდევ ის ინიციატივა, რომელიც იმედი მაქვს, მხარდაჭერილი იქნება და რეგიონების ინტერესებზე იქნება მორგებული“, - ამბობს ხოჯევანიშვილი.