მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარიას პარტია პარლამენტში საგადასახადო შეღავათების გამჭვირვალობის შესახებ საკითხს დააინიცირებს

6329a54e330d9
ინგა მურუსიძე
20.09.22 15:44
549
პარტია „საქართველოსათვის“ პარლამენტში საგადასახადო შეღავათების გამჭვირვალობის შესახებ საკითხს დააინიცირებს. როგორც პარტიის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა დღეს, პლენარულ სესიაზე განაცხადა, აუცილებელია საგადასახადო შეღავათები გახდეს გამჭვირვალე, რომ გადამხდელებმა იცოდნენ თუ ვის ენიჭება უპირატესობა საქართველოს მთავრობის მიერ.

საქმე ის არის, რომ საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების პროცესი გამჭვირვალე არ არის. არსებული პრაქტიკით, გადასახადის გადამხდელი შეთანხმების გაფორმების თხოვნით, განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს. ხოლო თანხმობის შემთხვევაში საკითხი მთავრობის სხდომაზე გადის. რაც შეეხება სტატისტიკურ მაჩვენებელს, bm.ge-მ გამოითხოვა ბოლო 10 წლის სტატისტიკა, რომლის თანახმად, ბოლო 10 წელიწადში სულ 9 304 საგადასახადო შეთანხმება გაფორმდა, მათგან ყველაზე მეტი 2021 წელს - 3 127, 2020 წელს - 480; 2019 წელს - 444 და ა.შ.

„ჩვენ დავაინიცირებთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც შეეხება საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის გამჭვირვალობას. გასულ წელს, მთავრობამ დაახლოებით 700 მილიონის დავალიანებასთან დაკავშირებით გააფორმა საგადასახადო შეთანხმებები. უამრავი კითხვა ჩნდება თუ რატომ და ვინ მიიღო ეს შეღავათები. აუცილებელია საგადასახადო შეღავათები გახდეს გამჭვირვალე, რომ გადამხდელებმა იცოდნენ თუ ვის ენიჭება უპირატესობა საქართველოს მთავრობის მიერ“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის შესამცირებლად მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

„ჩვენ ხშირად გვესმის „ქართული ოცნება“ როგორ იწონებს თავს ეკონომიკური ზრდით, მაგრამ არაფერს გვეუბნება ინფლაციაზე. წელიწადზე მეტი გავიდა ორნიშნა ინფლაცია გვაქვს. მოცემულობა არის ის, რომ ასეთი ტიპის ინფლაციის დროს, როგორც წესი, მდიდარი უფრო მეტად მდიდრდება და ღარიბი უფრო მეტად ღარიბდება. დიდი კორპორაციები უფრო მეტად მზად არიან შეხვდნენ ასეთი ტიპის ფინანსურ გამოწვევებს, მაშინ როდესაც ღარიბს ინფლაციის ხარჯზე უფრო და უფრო მეტად ურთულდება ცხოვრება. მთავრობას არ ახსოვს მცირე მეწარმეები, რომლებიც ყველა წარმატებული ქვეყნის ეკონომიკაში ფუნდამენტი და მთავარი ღერძი არიან. აუცილებელია, რომ ინფლაციური წნეხის გადასატანად მცირე მეწარმეებისთვის მოხდეს დღგ-ს ზღვრის მინიმუმ გაორმაგება“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მთავრობა საგადასახადო შეთანხმებების შესახებ რეფორმას ჯერ კიდევ 2020 წლიდან აანონსებს. გიორგი გახარიას პრემიერობის დროს წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში, რომელიც 2020 წელს გაჟღერდა, ეწერა: „გადაიხედება საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკა − მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე ფართო დიალოგის დაწყება, რომელიც შეაფასებს საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის მიზანშეწონილობას კონკურენტუნარიანი გარემოსა და ეკონომიკაზე ზეგავლენის მიმართულებით. ასევე, გაგრძელდება ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც საშუალებას მისცემს მეწარმეებს, ისარგებლონ თანამედროვე და ეფექტიანი მომსახურებით და ასევე უზრუნველყოფილი იყოს გადასახადებისგან თავის არიდების რისკების შემცირება და სამართლიანი საგადასახადო ადმინისტრირება“.