მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარიას პარტიის პროგრამულ ხედვაში ანაკლიის პორტიც მოხვდა

60cd8cfcee16c
თამთა ჯიჯავაძე
19.06.21 12:26
2215
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე საპორტო ინფრასტრუქტურის სისტემური განვითარება - ეს ერთ-ერთი პუნქტია გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის “საქართველოსთვის” პროგრამულ ხედვაში, რომელიც ეფუძნება 3 ძირითად მიმართულებას: 1. განვითარება 2. დემოკრატია 3. უსაფრთხოება.

პროგრამაში საუბარია სისტემური ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც:

„საქართველოს, როგორც რეგიონული „ჰაბის“ ფუნქციის გაძლიერებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას. პრიორიტეტული იქნება საგზაო, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ინფრასტრუქტურა, ასევე საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა. ინვესტიციები განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებში, მათ შორის, ავტობანის დასრულება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე საპორტო ინფრასტრუქტურის სისტემური განვითარება, შავი ზღვის პორტებში ევროკავშირის პორტებთან საბორნე მიმოსვლის უზრუნველყოფა, საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და მასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური ცენტრები, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და ეფექტიანობის ამაღლება, სატრანსპორტო სისტემების ინტეგრირებული განვითარების სტრატეგიის შემუშავება, საყოველთაო ინტერნეტიზაცია და ა.შ“.

ამასთან, როგორც ყოფილი პრემიერის პარტიის პროგრამაში წერია, განხორციელდება მასშტაბური პროექტები თითოეულ რეგიონში, მათ შორის თვითმმართველ ქალაქებში, მაგალითად:

„-თბილისის მეტროს გაფართოების პროექტი დიდი დიღმის, ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით;
- ქალაქ რუსთავის დაკავშირება მეტროს ხაზით თბილისთან და რუსთავი-თბილისის აგლომერაციის შექმნა;
- ბათუმში პორტისა და აეროპორტის კონცეფციის ცვლილება; ქალაქის ურბანული განვითარებიდან აქცენტის ეკოლოგიურად სუფთა ტურიზმის განვითარებაზე გადატანა, ქობულეთი-ბათუმი-გონიოს მრავალფუნქციური ტურისტული აგლომერაციის ჩამოყალიბება;
- ქუთაისში აეროპორტის გარშემო მსხვილი, რეგიონალური მნიშვნელობის საწარმოო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა. ასევე, ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე მართლმსაჯულების საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნება და სხვა.
- ფოთში საერთაშორისო მნიშვნელობის ლოჯისტიკური ჰაბის ჩამოყალიბება და ფოთის აეროპორტის განვითარება სატვირთო გადაზიდვებისთვის“.