მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გახარიასთან ბიზნესს საკმაოდ კარგი კომუნიკაცია ჰქონდა“ - ნიკა გამყრელიძე

602e83786e35a
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.21 20:35
1006
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკა გამყრელიძე, დღეს უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბიზნესთან კომუნიკაციის ხარისხით კმაყოფილია და ამბობს, რომ მას კარგად ესმოდა კერძო სექტორის საჭიროებების. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

„მას ბიზნესომბუდსმენობის პერიოდიდან ვიცნობ და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბიზნესომბუდმენი იყო. მის მოღვაწეობას პოზიტიურად შევაფასებდი. შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი გახარიას კარგად ესმის ბიზნესის ენა და იცის რა პრობლემები აქვს ბიზნესს და მეორე მხარე, რაც ამას აქვს, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია ბიუროკრატიის, რაც საკმაოდ დამაზიანებელია ჩვენნაირი ქვეყნისთვის და ეს ძალიან კარგად მახსენდება და მახსოვს“, - ამბობს გამყრელიძე.

ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მიერ დაშვებულ შეცდომებს ვერ იხსენებს და ამბობს, შესაძლოა შეცდომებიც ყოფილიყო, მაგრამ მას მიაჩნია, რომ კომუნიკაციის ხარისხი ყოფილ პრემიერს კარგი ჰქონდა.

„კომუნიკაცია საკმარისი შეიძლება არასდროს იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გახარიასთან ბიზნესს საკმაოდ კარგი კომუნიკაცია ჰქონდა, რაც მთავარია ღია და მარტივი“.

ნიკა გამყრელიძე დღეს არსებულ ეკონომიკურ კრიზისსაც აფასებს და იმ მიმართულებებს ასახელებს, რომელზეც მომავალმა პრეიერმა უნდა გააკეთოს აქცენტი, მათგან უმთავრესი კი ინვესტიციების მოზიდვაა.

„ქვეყანა საკმაოდ დიდ ეკონომიკურ კრიზისშია, ასეთი რეცესია ქვეყანას დიდი ხანია არ ჰქონია -6% იყო ეკონომიკური ზრდა და ახლა კიდევ პოლიტიკურ კრიზისშია შესული. ახალი პრემიერ-მინისტრის და მმართველი გუნდის ვალდებულებაა ქვეყანა სწრაფად გამოიყვანონ პოლიტიკური კრიზისიდან, რომ მივხედოთ ეკონომიკურ კრიზისს. სხვა შემთხვევაში ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდება და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო გაღარიბებას გამოიწვევს და ამის უკან დატრიალება რთული იქნება.

ძალიან რთული მდგომარეობაა. თუნდაც გარედან რომ შევხედოთ ინვესტორების თვალით რა ხდება... არაფერი კარგი. როდესაც FDI-ზე ვსაუბრობთ, რომელი ჭკუათმყოფელი ჩადებს ახლა ფულს საქართველოში, როდესაც ჩართავს და ნახავს იმას რაც ხდება. ცალსახად ვამბობ, ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, მაგრამ ეს პირველ რიგში მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, რომ სწრაფად და ცივილურად გადაწყვიტონ ეს პრობლემები“, - განმარტავს ნიკოლოზ გამყრელიძე და დასძენს, რომ ქვეყანაში აუცილებლად გასატარებელია სასამართლოს რეფორმა და დასახვეწია ბიზნესთან კომუნიკაციის საკითხი, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი კაპიტალი შემოვიდეს.