მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახდება თუ არა ქართული არხები ფასიანი საკაბელო ტელევიზიის მომხმარებლებისთვის?

61041c25b90a2
სალომე მეცხვარიშვილი
31.07.21 00:00
1922
რვა ქართული ტელევიზია საკაბელო ოპერატორებისგან გადასახადს ითხოვს. ქართულ ტელევიზიებს სურთ, რომ კომპანიებმა თითოეულ აბონენტზე 3 ლარი გადაიხადონ, ამას კიდევ დღგ უნდა დაემატოს. ტელევიზიებმა საკაბელო ოპერატორებს დრო პირველ აგვისტომდე მისცეს.

საქართველოში საკაბელო ტელევიზიით 709 ათასი აბონენტი სარგებლობს. სწორედ ამდენ პირს შეიძლება გაუძვირდეს სერვისი, თუ ქართული არხების ჩართვას გადაწყვეტს. საკუთარი კონტენტის რეტრანსლირებისთვის თანხის გადახდას რვა ტელევიზია ითხოვს, ესენია: "იმედი", "ჯიდიეს თივი", "მაესტრო", "რუსთავი 2", "პოს ტვ", "ტვ პირველი", "ფორმულა" და "მთავარი".

საკაბელო სერვისის ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები კი ქვეყანაში “მაგთიკომი” და "სილქნეტი" არიან. ტელევიზიების მოთხოვნა მათ კომუნიკაციების კომისიაში აქვთ გასაჩივრებული, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. სამაგიეროდ საუბარს არ ერიდებიან “საკაბელო ტელევიზიების კავშირში”, რომლებიც რვა ტელევიზიის მოთხოვნას აპროტესტებენ. მათი თქმით, გაურკვეველია, როგორ დაითვალეს ტელევიზიებმა თითოეულ აბონენტზე 3-ლარიანი გადასახადი. ასევე მათი შეფასებით, მხოლოდ საკაბელოებისთვის თანხის მოთხოვნა დისკრიმინაციულია, რამდენადაც ქართული არხები ღია ეთერში სხვა საშუალებებითაც არის ხელმისაწვდომი, როგორიცაა მაგალითად ჩვეულებრივი ანტენა, რომლითაც მომხმარებელი ქართულ სატელევიზიო არხებს უფასოდ უყურებს.

“მაგალითად, National Geographic-ს ჩვენ ვუხდით თანხას, მაგრამ თავის მხრივ ის უზრუნველყოფს, რომ მისი სიგნალი მსოფლიო მასშტაბით იყოს დახურული, არ ვრცელდებოდეს უფასოდ არცერთ პლატფორმაზე. ამასთან, მისი კონტენტი გაფილტრულია რეკლამისგან და მე, საკაბელო ოპერატორს, ასე ვთქვათ არ მაყიდინებს რეკლამას (პლატფორმას რეკლამის მოსაზიდად არ იყენებს)...რაც შეეხება ქართულ მაუწყებლებს, აქ გვაქვს სრულიად მახინჯი სისტემა. ერთი მხრივ, ქართული არხები, თავად იხდიან თანხებს მათი კონტენტის გავრცელებისთვის, სატელიტურ პლატფორმაზე, მიწისზედა T2 პლატფორმაზე, ამ დროს კი მხოლოდ გარკვეული კომპანიებისთვის მაგალითად, ჩვენი კომპანიისთვის მათი კონტენტი არის ფასიანი”,- აცხადებს ერთ-ერთი საკაბელო ოპერატორის, კომპანია შპს ტივიჯი-ს დირექტორი ბესიკ წაქაძე.

მისივე თქმით, ახალ მოთხოვნაში კიდევ ერთი შეუსაბამობაა: “როგორც იცით, ქვეყანაში საარჩევნო პერიოდში მოქმედებს Must Carry-ს და Must Offer-ის პრინციპი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, ეროვნული მაუწყებლები ჩავრთოთ ჩვენს პლატფორმებზე და მივაწოდოთ ყველა ჩვენს აბონენტს. ე.ი რა გამოდის? სურს თუ არა ჩემს აბონენტს ქართული არხების ყურება, მაინც მე უნდა გადავიხადო მისი თანხა”,- აცხადებს წაქაძე.

რვა ქართული ტელევიზიის წარმომადგენელი და შუამავალი საკაბელო ტელევიზიებთან “მედია რაითს ჯორჯიაა”. სწორედ ეს კომპანია ახმოვანებს ტელევიზიების არგუმენტებს, რატომ ითხოვენ ისინი თანხებს საკაბელოებისგან. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ რვა ტელევიზია მედია ბაზრის 70%-ს მაინც მოიცავს და სწორედ მათზე მოდის დაინტერესება, ამ კონტენტს კი საკაბელო ოპერატორები და მომხმარებლები სრულიად უფასოდ იღებენ, რაც საერთაშორისო სტანდარტში არ ჯდება.

“3 ლარი არის განსაზღვრული ერთ აბონენტზე თვის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ არის სრულიად სამართლიანი, ამ პოპულაციის და ტელევიზიების ამ რეიტინგების გათვალისწინებით.

როგორც იცით, საკაბელო ტელევიზიები მომხმარებლებს აწვდიან ფასიან მომსახურებას - არის სპორტული არხები, გასართობი არხები, საუბარია უცხოურ არხებზე, რომლებიც არის ფასიანი. მათი უფასო მოწოდება საკაბელო ტელევიზიებს არ აქვთ, შესაბამისად, ისინი ყიდულობენ და აწვდიან ქართველ მომხმარებლებს, რომლებსაც ამაში ართმევენ კონკრეტულ თანხას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბაზრის საკმაოდ სოლიდურ წილს წარმოვადგენთ და გვაქვს სრულიად სამართლიანი უფლება, რომ ეს თანხა მოვითხოვოთ საკაბელო ტელევიზიებისგან”,- აცხადებს ზურაბ ნაყეური.

“ელექტრონული კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ირინა ვერძეული კი ამბობს, რომ მსოფლიოში ტელევიზიებს ორი სხვადასხვა სტრატეგია აქვთ - ან ღია ეთერი და შემოსავლები რეკლამიდან ან ფასიანი ეთერი და სააბონენტო გადასახადი, ამიტომ ადგილობრივმა არხებმაც აქედან ერთ-ერთი უნდა აირჩიონ.

ტელევიზიების მოთხოვნა ყოველ აბონენტზე 3 ლარის გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით უმსხვილეს საკაბელო ოპერატორებს გასაჩივრებული აქვთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ახალი ტარიფების მოქმედება ავტომატურად ჩერდება. რა შეთანხმებამდე მივლენ მხარეები პირველ აგვისტომდე და გაითიშება თუ არა ქართული ტელევიზიები საკაბელოების მომხმარებლებისთვის, დღეს რთული სათქმელია, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტომდე სულ ერთი დღეა დარჩენილი. კომუნიკაციების კომისიაში ამბობენ, რომ საკითხს სწავლობენ.