მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახსნიდან დღემდე ქუთაისის აეროპორტი 4 მლნ მგზავრს მოემსახურა

6334161e90750
მარიამ ვარადაშვილი
28.09.22 16:10
738
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახსნიდან დღემდე 4 მლნ-მდე მგზავრსა და 15 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა. ქუთაისის აეროპორტის გახსნიდან დღეს 10 წელი გავიდა.

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ აეროპორტში 2015 წლიდან 2020 წლამდე ზრდის დინამიკა იყო. ყველაზე მეტ 873 616 მგზავრს ქუთაისის აეროპორტი 2019 წელს მოემსახურა, პანდემიის გამო კი 2020 წელს ეს მაჩვენებელი 183 873-მდე შემცირდა. 2021 წელს მგზავრების რაოდენობა წლიურად თითქმის 54%-ით გაიზარდა და 282 514 შეადგინა.

“10 წლის წინ, საქართველოს შეემატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც საშუალოდ წლიური 30 %-იანი ზრდით სიდიდით ქვეყნის მეორე აეროპორტია, ხოლო ევროპაში - დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი”,-აცხადებს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე.

რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებლებს, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯამში 534 ათას მგზავრს მოემსახურა. ამ ეტაპზე აეროპორტიდან გამგზავრება შესაძლებელია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყნის 28 მიმართულებით. 2023 წელს აეროპორტის მმართველი კომპანია აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში მილიონამდე მგზავრის მომსახურებას ვარაუდობს.