მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაყიდვები ონლაინსივრცეში - მიგრაციის პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოში

63aff29e724b7
მაია ხელაძე
02.01.23 21:00
3066
კონტექსტი

თანამედროვე სამყარო სწრაფი ტემპით მიიწევს წინ სერვისების გაციფრულებისკენ, რაც ხარჯების ოპტიმიზაციასთან, ბიზნესპროცესების დაჩქარებასთან, ინტეგრირებულობასთან, გაყიდვების გაზრდასთან, ბაზრების გლობალიზაციასთან, მოგების მაქსიმიზაციასთან და უამრავ სხვა სიკეთესთან პირდაპირ არის დაკავშირებული.

საქართველო, როგორც ცივილური სამყაროს ინტეგრალური ნაწილი იზიარებს რა გლობალურ ტენდენციებს, აქტიურად არის ჩართული ციფრული ეკონომიკის ჩამოყალიბება-განვითარების შეუქცევად პროცესებში ყველა მიმართულებით: როგორც სახელმწიფო მართვის (eGovernance), ისე კომერციული სექტორის ციფრულ რელსებზე გადართვასთან დაკავშირებით (business digitalization).

ელექტრონული კომერცია საქართველოში 2009 წელს შემოვიდა და ძირითადად საბანკო სექტორი მოიცვა. კომერციული ბანკები, რომლებიც სავაჭრო ობიექტებს ონლაინგადახდების ფუნქციონალით უზრუნვლყოფდნენ, აღჭურვილნი იყვნენ შესაბამისი ლიცენზიებით, ტექნიკური და კვალიფიციური ადამინური რესურსით. ყველაზე დიდი აქტივობით სახელმწიფო სექტორი გამოირჩეოდა, რომელმაც პირველი და დღეისთვის ერთადერთი ონლაინ აუქციონი აამუშავა - eauction.ge, რომელშიც რამდენიმე სახელმწიფო უწყების ფინანსური და იურიდიული სერვისი გააერთიანა. სახელმწიფოს დაკვეთის შემსრულებელი კომერციული საბანკო სექტორი იყო მაშინაც და დღესაც იგივე რჩება.

დღეისთვის ბაზარზე ელექტრონული კომერციის სერვისების ძირითადი მიმწოდებელი კვლავ კომერციული ბანკებია (15-დან 5 ინტერნეტ ექვაირერი ბანკი), თუმცა ფინტექ სექტორის გააქტიურების კვალდაკვალ, ახალი, დამოუკიდებელი მოთამაშეებიც უერთდებიან სფეროს (მაგალითად „Payze“), რომლებიც ფლობენ სათანადო სალიცენზიო ბაზისს ეროვნული ბანკისგან (საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზია) და საგადახდო სქემებისგან (Visa, Mastercard და სხვ.) და გაფორმებული აქვთ სუბექვაირინგის ხელშეკრულება ინტერნეტ ექვაირერ ბანკებთან.

ელექტრონულ კომერციაში მხოლოდ გადახდის კომპონენტი უკავშირდება საგადახდო სქემებს და შესაბამისად, საბანკო სექტორს, მისი სხვა უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილები საქართველოს რეალობაში ძალზედ ჩამორჩება განვითარებული ბაზრების ტენდენციებს და ამიტომაც ელექტრონული კომერცია, როგორც ერთიანობაში აღებული ბიზნეს მიმართულება, საქართველოში მოისუსტებს. თუ ჩავშლით ელექტრონული კომერციის ბიზნესს ნაწილებად, დავინახავთ, რომ მხოლოდ აისბერგის მწვერვალია მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო, მისი ქვედა, წყალში დაფარული ნაწილი კი ბურუსითაა ჯერ კიდევ მოცული:
1. ტექნოლოგიური პლატფორმა
2. ლოგისტიკა
3. ციფრული მარკეტინგი
4. საფასო პოლიტიკა
5. იურიდიული და საგადასახადო საკითხები
6. გადახდები
7. აღრიცხვა და ანგარიშგება
8. კიბერუსაფრთხოება და პერსონალური ინფორმაციის დაცულობა

ტექნოლოგია

მიწოდების ჯაჭვი ვერ შეიკვრება, სანამ 8-ვე კომპონენტი ჰარმონიულ ბმაში არ იქნება ერთმანეთთან. სწორედ ამიტომ, დღევანდელი მონაცემებით, საშუალოდ, ყოველი 100 ახალი ვებმაღაზიიდან მხოლოდ 1 აგრძელებს მუშაობას მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. სწორედ ამიტომ სამჯერ ჩამოვრჩებით იქომერსის ზრდის ზოგად ტემპს: გლობალური ინდექსი 11%-ია, ხოლო საქართველოში ზრდის ტემპი მხოლოდ 3.2%-ია („ელექტრონული კომერცია საქართველოში“, გალტ&ტაგართი, 2021) და იმასაც ვერ ვამბობთ ზუსტად რამდენია ბრუნვა იქომერს არხში. მაგალითისთვის, ცნობილია, რომ ევროპის რეგიონში ელექტრონული კომერციის ზრდის ტემპი 15%-ია, საიდანაც 25 % ე.წ. cross border კომერციაზე მოდის (EU4Digital: supporting digital economy and society in the Eastern Partnership; eCommerce Report, 2021).

პოსტპანდემიური ეკონომიკა ონლაინგაყიდვების არხის აქსელერაციას და ციფრული ინსტრუმენტების სწრაფ ინტეგრირებას ითხოვს მონაწილე მხარეებისგან. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ადაპტირება და სმარტ კონტრაქტების გამოყენება გლობალურ ლოჯისტიკურ ჯაჭვში, ხელოვნური ინტელექტის შემცველი ელემენტები (Metaverse, IoT) განსაკუთრებულ ეფექტიანობას ქმნის ბიზნესებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ დროულად შეძლოს ტექნოლოგიური სიახლეების ადაპტირება საკანონმდებლო ბაზებსა და მიწოდების ჯაჭვებში.

ტექნოლოგია ძვირადღირებული აქტივია, რომელშიც ინვესტირება მცირე და საშუალო ბიზნესებს არ ხელეწიფებათ. ამიტომ განსაკუთებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი შუალედური ბიზნესსუბიექტების წარმოშობა, რომლებიც ერთის მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორს მიაწვდიან ტექნოლოგიურ პროდუქტს მისაღები პირობებით, ხოლო მეორე მხრივ, მსხვილი ბიზნეს მოთამაშეებისთვის - საფინანსო სექტორისთვის, ლოგისტიკის სექტორისთვის, დაზღვევის სექტორისთვის გახდებიან გარანტორები კვალიფიციური, უწყვეტი, რისკებ დაბალანსებული, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი სავაჭრო ბრუნვის აგრეგირებისთვის.

ბიზნეს შუამავლების მნიშვნელობა აღიარებულია საქართველოს საკანონმდებლო დებულებებითაც. კერძოდ, ამჟამად მოქმედი ჩარჩო არეგულირებს შუამავლების - პროვაიდერების მოქმედების წესებს - საქართველოს კანონი საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ; საქართველოს ეროვნული ბანკის „საბარათე ინსტრუმენტების დებულება“, ასევე „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“, „ძლიერი ავტენთიფიკაციის წესი“. აგრეთვე მთავრობის მიერ დამტკიცებული და პარლამენტში შეტანილი „კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ“ ბევრწილად საშუამავლო ბიზნეს სუბიექტების ვალდებულებების და მათგან გათავისუფლების პირობებს დეტალურად აღწერს: “კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით შუალედური მომსახურების მიმწოდებლების (ISP) დეფინიციის, მათი უფლებებისა და ვალდებულებების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრის შესახებ აღებული ვალდებულებით და ქვეყანაში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, რომლის პირობებშიც შუალედური მომსახურების მიმწოდებლები არ არიან დაცული ზოგადი მონიტორინგის ვალდებულებისგან, რაც შესაძლოა ნებისმიერ მომენტში, საკანონმდებლო რეგულირების არ არსებობის პირობებში ძალზედ მძიმე ტვირთად დააწვეს მათ“ („ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი“-ს განმარტებითი ბარათი, 2022).

ღია ბანკინგის პროექტის იმპლემენტაციის კვალდაკვალ სულ უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა შუალედური სერვისების მწარმოებელ ე.წ. ფინტექებზე, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ და დაამუშაონ მომხმარებელთა ფინანსური ინფორმაცია საბანკო დაწესებულებებიდან თავის აპლიკაციებსა და არხებში და ამ გზით შესთავაზონ ბაზარს ხელმისაწვდომი, კომფორტული და მათ საჭიროებებზე მორგებული ციფრული სერვისები გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ამას საბანკო სექტორი უზრუნველყოფდა.

მომხმარებელთა მომსახურება

ვირტუალურ სივრცეში ყიდვის გადაწყვეტილების მიღება მომხმარებლის მხრიდან ნდობის მაღალი მანდატის გარეშე აბსოლუტურად გამორიცხულია. როცა მომხმარებელი შესაძენ პროდუქტს ხელით ვერ ეხება, ვერ შეიგრძნობს, ვერ ირგებს პროდუქტს, მას ღრმად უნდა სწამდეს ქვეცნობიერში, რომ ის დაცულია არაკეთილსინდისიერი გამყიდველისგან, ასევე თაღლითებისგან, პერსონალური მონაცემების ხელყოფისგან. ნდობის ხარისხის ასამაღლებლად, ონლაინ კომერციის ბიზნესში ჩართული ბიზნეს სუბიექტები მაქსიმალურად უნდა ირჯებოდნენ, რათა მომხმარებლის კმაყოფილების დონე იმდენად აამაღლონ, რომ ის გადამდები იყოს შემდეგი მომხმარებლების მოსაზიდად და არსებულების კიდევ უფრო გასააქტიურებლად. შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები ონლაინ გამყიდველის მიერ ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული დისტანციური ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში იმგვარად, რომ ის აკმაყოფილებდეს არა მხოლოდ საკანონმდებლო მოთხოვნებს, არამედ სრულად უნდა ფარავდეს საქონლის უკან დაბრუნების ლოგისტიკას, უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას ან შესატყვისი პროდუქტით ჩანაცვლების ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში.
არცერთი საკანონმდებლო ნორმა არ არეგულირებს ფასდაკლებების პოლიტიკას გამყიდველების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნორმა ოფიციალურად დადგენილი არ არის, მომხმარებელმა დაცულად უნდა იგრძნოს თავი ე.წ. „ფეიკ“ ფასდაკლებისგან. პერიოდული მარკეტინგული შეთავაზებების ფორმირება ონლაინ გამყიდველების მიერ ფასდადების სამართლიანი პოლიტიკის საფუძველზე უნდა განხორციელდეს და არ ტოვებდეს სივრცეს უნდობლობის გასაჩენად, მაგალითად ფასდაკლებული ნივთის იმ ფასად შესაძენად, რაც ის ისედაც ღირდა 2-3 თვის წინ.

ვინაიდან ონლაინსივრცეში მარტივად ხდება საკუთარი მოსაზრების, განწყობის საჯაროდ გამოხატვა, კმაყოფილი მომხმარებლის აზრის გაზიარება უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი გახდა სხვა მომხმარებელთა მოსაზიდად. ამ ინსტრუმენტის გამოყენების საკანონმდებლო ბერკეტი ასევე არ არსებობს და აზრის გაზიარების (ე.წ. „ფიდბექის“) ტექნიკური შესაძლებლობა ვებ მაღაზიაში ყიდვის ოპერაციის შესრულების გარეშეც შესაძლებელია. ამიტომ მომხმარებელი არ არის დაცული ყალბი შეფასებებისგან, რომელსაც შეუძლია ვებ მაღაზიის რეიტინგი ხელოვნურად აწიოს და შეცდომაში შეგვიყვანოს. ონლაინ გამყიდველის კეთილსინდისიერებაზეა ამ შემთხვევაში მომხმარებელი სრულად დამოკიდებული.

საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი წესებით, გამყიდველს არ აქვს უფლება მომხმარებელს უნაღდო ანგარიშსწორებით იმაზე მეტი გადაახდევინოს, ვიდრე პროდუქტის ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდვის შემთხვევაში იქნებოდა გადასახდელი. მიუხედავად ამ წესისა, ონლაინ სივრცეშიც ხშირია სხვადასხვა ტიპის დამატებითი საკომისიოებით პროდუქტის ფასის კორექტირება და საბოლოოდ მომხმარებლის მიერ პროდუქტის შესაძენად ხელოვნურად გაზრდილი ფასის გადახდა, რაც უკმაყოფილებას იწვევს და ონლაინ ყიდვის გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი ფაქტორია. ნაცვლად ფასში ტრანზაქციის მომსახურების (ე.წ. “surcharge”) ხარჯის ხელაღებით შეტანისა, ონლაინ გამყიდველმა მიწოდების პირობები ცალკე და ნათლად უნდა გამოყოს საგადახდო კალათის ფორმირებისას და გადახდამდე დაითანხმოს მყიდველი (მხოლოდ) მიწოდების საფასურის დამატებით გადახდაზე. ტრანზაქციის მომსახურების საკომისიო კი კანონისა და საგადახდო რეგულაციების უხეში დარღვევაა და მის ფასწარმოქმნაში მონაწილეობაზე მკაცრი მონიტორინგი უნდა დააწესონ როგორც მაღაზიის მომსახურე ექვაირერმა ბანკებმა, ისე, მაკონტროლებელმა სტრუქტურებმა. ამ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტომ, რომელსაც კანონით დაევალა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მონიტორინგი. ასევე ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტმა, რომელიც იხილავს უკმაყოფილო მომხმარებელთა განცხადებებს (“Removal of surcharges for the use of credit cards and debit cards”, Regulation (EU) 2015/751).

გალტ&თაგარტის 2021 წლის ელექტრონული კომერციის ბაზრის კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობიდან მხოლოდ 631 ათასია ონლაინ მყიდველი (18%), რომელიც საშუალოდ 950 ლარს ხარჯავს წელიწადში ონლაინ შესყიდვებში, ონლაინ შესყიდვების მხოლოდ 23%-ია ადგილობრივი, დანარჩენი 77% საერთაშორისო ვებ მაღაზიებში შესყიდვებზე მოდის, ონლაინ გაყიდვების წილი საცალო გაყიდვებში კი მხოლოდ 1.1%-ია (დეკლარირებული) და 600 მილიონ ლარსაც კი არ შეადგენს, მაშინ, როცა სათამაშო ბიზნესის სასასრგებლო ონლაინ გაყიდვები წლიურად 5.8 მილიარდ ლარზე მეტია (სებ-ის სტატისტიკის მიხედვით ბოლო 12 თვის ინტერნეტ გადახდების (ექვაირინგი) ჯამური მოცულობა 6.4 მილიარდი ლარია: https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data).

ISET-ის კვლევის მიხედვით ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების, ანუ ინტერნეტ მომხმარებელთა ინდექსი 86%-ია, მაშინ, როცა მსოფლიოს საშუალო 57%-ია (85% - განვითარებული ქვეყნები; 48% - განვითარებადი). ინტერნეტ გადახდების განხორციელებაში კი ძირითადად ახალგაზრდები და 59 წლამდე გადამხდელები აქტიურობენ. კვლევით გამოიკვეთა ქართულ საწარმოთა 95.9%, რომელთაც ინტერნეტით გაყიდვები საერთოდ არ უცდია, და მხოლოდ 4%-ია, რომელთაც ვებ ან მობაილ აპლიკაციით გაყიდვების გამოცდილება აქვთ. ასეთი სავაჭრო ობიექტი ქვეყანაში 7000-მდეა. საერთაშორისო კლიენტების გადახდები საერთო იქომერს გადახდების 10%-ია საშუალოდ, დანარჩენი 90% კი ადგილობრივი ბანკების მიერ ემიტირებული ბარათებით გადახდებზე მოდის. საერთაშორისო კლიენტების 41% ევროპის რეგიონიდანაა, 30% - დსთ, ხოლო 17% აშშ-დან (ISET, USAID., 2022. რეფორმეტრი).

ქროს-ბორდერ კომერცია

ელექტრონული კომერცია გლობალური ბიზნესია და მისი შემოფარგვლა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრით დიდი შეცდომაა. საქართველოს მომხმარებლისთვის გახსნილია ონლაინ კომერციის გლობალური სივრცე ონლაინ შოფინგისთვის მათ ხელთ არსებული საერთაშორისო VISA, Mastercad, Amex და სხვა საგადახდო ინტრუმენტების გამოყენებით. უსამართლობაა მათთვის ამ შესაძლებლობის ხელოვნურად შეზღუდვა და მინიმალური საბაჟო მოსაკრებლის ზღვრის 300 ლარზე შენარჩუნება იმ მოტივით რომ ადგილობრივი გადამყიდველები არ დაზარადნენ პროდუქტის უცხოეთიდან ბითუმად შემოტანისა და ადგილზე გადაყიდვის შესაძლებლობისა და სპეკულაციური სპრედის გენერირების შანსის გაქრობის გამო. არადა ეს მოვაჭრეები, როგორც წესი, არც აღრიცხულნი არიან გადასახადის გადამხდელ ბიზნეს სუბიექტებად და არც მათი ნავაჭრი ითვლება ელექტრონული კომერციის ბრუნვაში, ვინაიდან ტრანზაქციები სცდება ონლაინ გადახდების არხს და არ შედის არც სტატისტიკაში და არც ქვეყნის მთლიან შიდან პროდუქტში შესაბამისად. ბიზნესის ონლაინ გაყიდვების არხებში ინტეგრაციის მოტივაციის ასამაღლებლად, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ მათთვის გლობალური ბაზრების გასახსნელად და სერვისებისა და პროდუქტების საერთაშორისო მომხმარებლებზე მისაწოდებლად. მათ შორის იმ სერვისისა და პროდუქტების, რომელიც საქართველოში არც კი იწარმოება (ქროს ბორდერ ყიდვების ზრდის ტემპი საქართველოში წლიურად 40.3%-ს შეადგენს; გალთ&თაგართ, 2021). ამ მიზნის მისაღწევად ე.წ. „cross border acquiring“ უნდა იყოს სათანადოდ აღქმული ონლაინ ბიზნესის სტეიკჰოლდერთა მიერ და ეტაპობრივად ინერგებოდეს კომერციის ყველა სფეროში, ექსპორტის ხელისშეწყობისა და საქართველოს „ფინანსური ტექნოლოგიების რეგიონალურ ჰაბად“ გადაქცევის სტრატეგიის ფარგლებში.

2021 წლიდან ძალაში შევიდა EU2021 ის ახალი რეგულაცია, რომელიც ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტისთვის საგადასახადო ბარიერების შემსუბუქებისა და ავტომატური დეკლარირების სისტემაში პარტნიორი ქვეყნების ჩასართავად. EU4Digital 2022 წლის რეპორტის თანახმად, საქართველო არათუ ჩართულია გამარტივებული შესყიდვების ევროპულ სისტემაში, ინფორმირებაც კი არ მომხდარა, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს საქართველოდან პროდუქციისა და სერვისების ევროკავშირში ექსპორტირების გასამარტივებლად, ერთიან ევროპულ ციფრულ ეკოსისტემაში ინტეგრირების გზით, რაც ცალსახად წაადგებოდა არა მხოლოდ ელექტრონული კომერციის ბიზნესის, არამედ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასაც.

ლოგისტიკა

გლობალურ ბაზრებზე გასვლა ლოგისტიკური გამოწვევების სწრაფად გადალახვას მოითხოვს. საცალო გაყიდვებით საერთაშორისო საფოსტო გზავნილების დაფინანსება არარენტაბელურია ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ პროდუქციის ევროპულ, ამერიკულ და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე გაყიდვა. პრობლემის საწყის ეტაპზე სწრაფად გადასალახად, შესაძლებელია განხილულ იყოს ევროპულ სავაჭრო პლატფორმებზე ქართული ბიზნესებისთვის ადგილის გამოყოფა და ევროკავშირის ტერიტორიაზე პროდუქციის დასაწყობება-ლოგისტიკა. საფოსტო გზავნილების კომპანიებთან თანამშრომლობა საერთაშორისო გადაზიდვების ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, როგორც სამთავრობო გუნდის, ისე საშუამავლო ბიზნეს სუბიექტების სამოქმედო გეგმა უნდა იყოს იმპორტ-ექსპორტის ბალანსის ეკონომიკური ზრდის სასარგებლოდ გადასახრელად.

მიწოდების ჯაჭვში ავტომატიზებული ლოჯისტიკური სისტემების გამოყენება ელექტრონულ კომერციაში ჩართულ ბიზნეს სუბიექტებს მეტ მოქნილობას მიანიჭებდა პროდუქციის მომხმარებლამდე დროულად მიტანის და გზავნილების თრექინგის უზრუნველყოფაში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ონლაინ სივრცეში მოვაჭრე მომხმარებლის ნდობისა და კმაყოფილების მოსაპოვებლად. გლობალურ ბაზრებზე სულ უფრო აქტუალური ხდება ე.წ. Dropshipping”, ანუ D2C იქომერსი, რომელიც მწარმოებლიდან პირდაპირ მომხმარებლამდე პროდუქტის მიწოდებას გულისხმობს. მსხვილი მოთამაშეებისთვის ეს მიმართულება უკვე გახდა დასაწყობებისა და მძიმე ლოჯისტიკური ხარჯების დაზოგვის საუკეთესო გამოსავალი. მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის კი ამ სისტემებში ადაპტირება ძვირადღირებული სიამოვნებაა და საჭიროა სინერგიული ეფექტის მქონე ტექნიკური გამოსავლების ძიება ფინტექ სექტორის შესაბამისი სუბიექტების მიერ.

რეგულირება

რას ვუწოდებთ ელექტრონულ კომერციას და როგორ ვზომავთ მის, როგორც თანამედროვე ბიზნეს მიმართულების შედეგებს? ამ მხრივ ნორმატიულ ბაზაში გვაქვს კაზუსი, ვინაიდან კანონპროექტში ელექტრონული კომერციის შესახებ მისი დეფინიცია არის „საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება“, რომელიც განმარტებულია შემდეგნაირად (მუხლი. 2):
„ა) საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება - მომსახურების მიმღების ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე, ანაზღაურების სანაცვლოდ, ელექტრონული საშუალებებით მომსახურების დისტანციურად გაწევა;
ა.ა) მომსახურების დისტანციურად გაწევა - ელექტრონული საშუალებებით მომსახურების გაწევა მხარეების ერთდროული დასწრების გარეშე;
ა.ბ) ელექტრონული საშუალებები - მონაცემების დამუშავების (მათ შორის, ციფრული შეკუმშვა) და შენახვის მიზნით გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება დანიშნულების ადგილზე მომსახურების გადაცემა და მიღება სადენების (მათ შორის ოპტიკური), რადიოტალღების ან სხვა ელექტრომაგნიტური საშუალებების გამოყენებით;
ა.გ) მომსახურების მიმღების ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების მიწოდება - ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისად მომსახურების მიწოდება მონაცემების ელექტრონულად გადაცემის საშუალებით“

საქართველოს ეროვნული ბანკის „საბარათე ინსტრუმენტის დებულება“ ცალსახად არ აკეთებს ელექტრონული კომერციის, როგორც საქმიანობის დეფინიცირებას, თუმცა ყველგან, სადაც საუბარია გაყიდვებზე, „ელექტრონული კომერცია“ ტერმინადაა მოხსენიებული, მაგალითად ონლაინ გამყიდველი სუბიექტის დეფინიცია ამგვარია (მუხლი 2. პუნქტი შ.):

„ელექტრონული კომერციის ობიექტი – სავაჭრო/მომსახურების ობიექტი, რომელიც თავისი საქონლის/მომსახურების გაყიდვას ახდენს ელექტრონული კომერციის ტერმინალით“

ვიკიპედიასა და საერთაშორისო საგადახდო სისტემების დოკუმენტაციაში ელექტრონული კომერცია განიმარტება ასე:
“პროდუქტებისა და სერვისის ინტერნეტით ყიდვა და გაყიდვა“ („Electronic commerce, commonly known as e-commerce or eCommerce, or e-business consists of the buying and selling of products or services over electronic systems such as the Internet and other computer networks“).

როგორც ვხედავთ, აშკარა სხვაობაა განმარტებებში, რაც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და საბოლოოდ მივყავართ იმ გაურკვევლობამდე, რომ არ ვიცით facebook/Instagram-ზე განთავსებული პროდუქტის მიყიდვა მომხმარებელზე, რომელმაც საქონლის ღირებულება გამყიდველის პირად ანგარიშზე ჩარიცხა, არის თუ არა ელექტრონული კომერცია? ოპერაცია შეიცავს ელექტრონული კომერციისთვის ნიშანდობლივ დეტალებს, მაგალითად იმას, რომ პროდუქტის გაყიდვა ინტერნეტის საშუალებით მოხდა, თუმცა არც გამყიდველს შეუსრულებია კანონითა და საყოველთაო რეგულაციებით დადგენილი ვალდებულებები (ელექტრონული ხელშეკრულება, უკან დაბრუნების/გადაცვლის ვალდებულება), არც გადახდა აისახა ელექტრონული კომერციის ბრუნვაში და შესაბამისად არ მოხვდა სტატისტიკაში (Galt&Taggart; ISET; PMCG და სხვა კვლევების სტატისტიკა ეყრდნობა ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებიდან გამოთხოვილ მონაცემებს, რომელიც გენერირდება საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებული ონლაინ გადახდების მაჩვენებლებით) და არც გადასახადი გადაუხდია გამყიდველს შესრულებული გაყიდვის ოპერაციიდან. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს მეწარმე სუბიექტების საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევის საკითხს, რათა მოხდეს მათი ბიზნეს საქმიანობის ფორმალიზება და ეკონომიკაში მონაწილეობის დაფიქსირება.

აღრიცხვისა და სტატისტიკის წარმოების საერთო მიდგომების დადგენის გარეშე ყოველთვის გაგვიჭირდება გავზომოთ და შევაფასოთ ელექტრონული კომერცია როგორც ბიზნეს სექტორი, მისი მიმდინარე მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები.

გადახდები

მომხმარებლისთვის საუკეთესო შოფინგ გამოცდილების მისაცემად ონლაინ კომერცია გადახდის პროცესის მარტივ, სწრაფ და მულტიარხულ (multichannel) გადაწყვეტილებებს ითხოვს როგორც desktop, ისე mobile აპლიკაციებში. ე.წ. one click გადახდები ყველა ტიპის საგადახდო ინსტრუმენტის, მათ შორის კრიპტოსაფულის ერთ ღილაკში გაერთიანებას მოითხოვს ბიზნეს სუბიექტებისგან, რათა მომხმარებელმა სასურველი პროდუქტის ყიდვა ნებისმიერი მის ხელთ არსებული საშულებით მარტივად და სწრაფად მოახერხოს. ამ ეტაპზე გადახდების სერვისის ძირითადი მიმწოდებლები ბაზარზე კომერციული ბანკებია, თუმცა ფინტექ სექტორის გააქტიურებასა და ღია ბანკინგის შემოღების პირობებში უნდა ველოდოთ საშუამავლო ბიზნეს სექტორში ამ ფუნქციონალის მიმწოდებელთა გაჩენას, რომლებიც უფრო სწრაფად შეძლებენ მომხმარებლის ქცევაზე დაყრდნობილი გადახდის ფუნქციონალების გენერირებას ბიზნეს სუბიექტებისთვის მათ ბიზნეს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულად. მაგალითად კომპანია „Payze”, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა ბაზარზე ადგილი როგორც ბიზნესებისთვის დამატებითი ღირებულების შემქმნელმა სწრაფად განვითარებადმა სტარტაპმა.

კიბერუსაფრთხოება და პერსონალური მონაცემების დაცვა

ციფრულ სივრცეში მონაცემების მიგრაციას სენსიტიური ინფორმაციის ხელყოფის რისკები სდევს თან. ეს არა მხოლოდ ონლაინ კომერციას, არამედ, ზოგადად ინტერნეტში მომხმარებელთა და მათი მომსახურე სუბიექტების მიერ გაზიარებულ პერსონალურ მონაცემებს ეხება. რაც უფრო იზრდება პენეტრაცია ინტერნეტში, მით უფრო სახიფათო ხდება მომხმარებელთა მონაცემების თაღლითურად გამოყენების რისკები. რისკების დაზღვევაში ინვესტირება კი კომერციულ ბიზნესს დიდად არ ხიბლავს, ვინაიდან პირდაპირი შემოსავლის მიღებაში ეს ინვესტიციები არ მონაწილეობს. თუმცა რეგულაციური მოთხოვნები და უკვე დამდგარი თაღლითური ქეისები აიძულებს ბიზნესს დანერგოს ძვირადღირებული კიბერუსაფრთხოების სისტემები. საქართველოს ეროვნული ბანკის „ძლიერი ავტენთიფიკაციის წესი“, რომელიც ევროპულ PSD2 დირექტივასთან და VISA/Mastercard სავალდებულო მოთხოვნებთან პირდაპირ კავშირშია, ასევე RBA (Risk Based Authentication) მოთხოვნა პროვაიდერების მიერ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული ოპერაციების ინდივიდუალურად შეფასებასა და მომხმარებლის ქცევაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებების მისაღებად, უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცულობას ონლაინ სივრცეში, რასაც საბოლოო ჯამში ნდობის გამყარებისკენ მივყავართ ონლაინ გადახდების მიმართ.

დასკვნა

ციფრულ არხებში ინფორმაციის გაცვლის გადანაცვლების სარგებელი საბოლოოდ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ინდექსზე აისახება (მშპ). რაც უფრო ინტეგრირებულია ეკონომიკა გლობალურ პლატფორმებსა და მონაცემების დამუშავების თანამედროვე, ავტომატიზებულ სისტემებში, მით უფრო იზოგება საბიუჯეტო ხარჯები ნაღდი ფულის დამუშავებაზე, მით უფრო იზრდება ბიზნესის წარმოების სპექტრიც, სისწრაფეც და გეოგრაფიაც. ელექტრონული კომერცია არა მხოლოდ გაყიდვების, არამედ ზოგადად, ბიზნესის გაციფრულებისთვის საუკეთესო ინსტრუმენტია. ამ მიმართულების სწორი გზით წარმართვასა და განვითარებაზე ბევრი იქნება დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ ყველა ჩართულ მხარეს დიდი პასუხისმგებლობა მართებს იქომერსის განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე თავისი წილი აგურის მყარად და საიმედოდ დასაშენებლად.

ავტორი: მაია ხელაძე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის კანდიდატი. საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს BMG-ის რედაქციის პოზიციას.