მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზაფხულის ტურისტული სეზონი გაფუჭებულია – საბა კიკნაძე კორონავირუსის გავლენაზე

5e5e2e3a2630e
დავით ჯალაღონია
04.03.20 09:45
1419
ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დირექტორის საბა კიკნაძის აზრით, კორონავირუსის გავრცელება ქართულ ტურისტულ სექტორს დააზარალებს, თუმცა ამ ეტაპზე საპროგნოზო მაჩვენებლების დასახელება რთულია.

როგორც საბა კიკნაძე BM.GE–სთან საუბრისას აღნიშნავს, თუ ვირუსის მასშტაბები მაისისთვის არ შემცირდა, შესაძლოა, ზაფხულის ტურისტული სეზონიც დაზარალდეს.

"ძალიან ძნელია ზუსტ მასშტაბებზე და აბსოლუტურ ციფრებზე ლაპარაკი. ეჭვგარეშეა, რომ გაზაფხულის სეზონი – მარტი, აპრილი უმეტესწილად გაფუჭებულია. მაგალითად, არც ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც ვირუსის გავრცელების მხრივ დიდი კერაა და არც იაპონიაა ასეთი, მაგრამ იაპონიიდან რამდენიმე ჯგუფი გაუქმდა, ჩვენი კომპანიების შემთხვევაში.

საქმე იმაშია, რომ ტურიზმი არის არააუცილებლობით გამოწვეული მოგზაურობა – ეს არის სიამოვნებისთვის, დროის გასატარებლად და არც ისე ძნელია ხოლმე ამ მოგზაურობაზე უარის თქმა და ვექტორის შეცვლა. დღეს ჯერჯერობით სამხრეთ ნახევარსფეროში არაფერი ხდება და შეიძლება შიფტი გაკეთდეს ბევრი მოგზაურისთვის სამხრეთ ამერიკისკენ, ავსტრალიისკენ, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია.

აქვე, ხაზგასმით მინდა ვთქვა – ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება შეწყდება, რომ ტურიზმი და გადაადგილება შეჩერდება, ადამიანები იმოგზაურებენ, მაგრამ დარტყმა საგრძნობი იქნება, რომელიც ალბათ უკვე არის და მარტის ბოლოს ამას ციფრებშიც დავინახავთ", – განაცხადა საბა კიკნაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, საქართველომ ჩინეთთან და ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა. ასევე, ირანთან სახმელეთო კავშირიც შეწყდა. გარდა ამისა, იტალიის მიმართულებით ავიაკომპანიებმა Wizzair-მა და Ryanair–მა ფრენების სიხშირე შეამცირეს.