მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზარდა თუ არა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემამ ეკონომიკა 0.6%-თ?

5eb56cb6f25a1
შოთა ტყეშელაშვილი
08.05.20 21:00
932
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებას იმის თაობაზე, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემამ 2019 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი 0.6%-ით გაზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ფიზიკური პირების სესხების ზრდის ტემპის შემცირებამ და ამ ზრდის ბიზნეს სექტორზე გადანაცვლებამ ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, მართალია ბიზნეს სესხების ზრდა ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება, თუმცა რამდენად იყო ის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედების მიერ გამოწვეული, ამის თქმა რთულია.

“თუ ვსაუბრობთ იმაზე, რა გავლენა მოახდინა მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ზრდამ ეკონომიკურ ზრდაზე, მთლიანად ვეთანხმები ამ შეფასებას. თუმცა, ვერ ვიტყვით რომ მხოლოდ აღნიშნულმა შეზღუდვებმა გამოიწვია მცირე და საშუალო ბიზნესის კრედიტების ზრდა თუ, სხვა ფაქტორებმაც ამის თქმა რთულია. მე პირადად არ ვეთანხმები ამ შეფასებას,”- ამბობს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.

“წინა წელთან შედარებით, ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდის ტემპი 8 პპ-ით, 9.6 პროცენტამდე, შემცირდა, ხოლო იურიდიული პირების დაკრედიტების ზრდის ტემპი 7.8 პპ-ით, 24.3 პროცენტამდე, გაიზარდა. სესხების აღნიშნულმა გადამისამართებამ ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი, რადგან სამომხმარებლო სესხებთან შედარებით, ბიზნეს სესხები მეტ დამატებით ღირებულებას ქმნის. ეროვნული ბანკის შეფასებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების ამოქმედებამ 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი დაახლოებით 0.6 პპ-ით გაზარდა,” - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 15 აპრილიდან პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში ცვლილებები შევიდა და 2019 წელს დამტკიცებული რეგულაციები გარკვეულწილად შერბილდა.