მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი “საქართველოს ბანკი” იქნება

615589e994624
შოთა ტყეშელაშვილი
30.09.21 14:00
1022
საქართველოს საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი “საქართველოს ბანკი” იქნება. მხარეებს შორის შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ხვალ, 1 ოქტომბერს მოეწერება. 

როგორც BMG-ის საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განუცხადა,  ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საპენსიო სააგენტოს ქართულ საფონდო ბირჟაზე არსებულ ფინანსურ აქტივებში შეეძლება ინვესტირება.

“სპეციალიზებულ დეპოზიტართან არსებული ხელშეკრულება საკმაოდ კომპლექსურია, ამ ხელშეკრულებისთვის იურიდიული სივრცე შეიქმნა სულ ერთი წლის წინ ფონდების შესახებ კანონით. მსგავსი ხასიათის ხელშეკრულება საქართველოში არ დადებულა, ამიტომ ამას დასჭირდა არაერთი თვე. დეპოზიტარის აყვანის შემდეგ უკვე შეგვეძლება კაპიტალის ბაზარზე ჩვენი საინვესტიციო ფრონტი გავშალოთ, უბრალოდ, აქ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ კაპიტალის ბაზარი გვაქვს განვითარების საკმაოდ ადრეულ ეტაპზე. კარგი ტენდენციები გვქონდა კაპიტალის ბაზარზე სანამ პანდემია დაიწყებოდა, თუმცა პანდემიამ, ბუნებრივია, ტრანზაქციები გააჩერა და ის ემისიებიც, რაც წლის მანძილზე 5-6 ხდებოდა, ისიც აღარ არის, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ემისიები აღდგება და ამ ყველაფერში ჩვენ როლსაც მნიშვნელოვნად ვხედავთ", - 1 ივლისს გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა მელიქიძემ. 

გაჭიანურებული პროცესი:

სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი საპენსიო სააგენტომ ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში გამოაცხადა, მასში მონაწილეობა სამმა ფინანსურმა ორგანიზაციამ მიიღო, ესენი იყო:

● “Central Depository of Armenia OJSC”
● “ საქართველოს ბანკი”
● “ თიბისი ბანკი”

თუმცა შემდგომში ეს კონკურსი შეჩერდა და განახლებული პირობებით გაგრძელდა სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი. როგორც ცნობილია, ამ შერჩევაში უპირატეს კანდიდატად "საქართველოს ბანკი" გამოვლინდა და მასთან მოლაპარაკებები მრავალი თვის განმავლობაში მიდიოდა. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულები ფონდში ყოველთვიურად რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას ემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2%. 40 წლამდე პირებისთვის სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი. დღეისთვის, სქემაში 1.2 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული. საპენსიო ფონდის ზომა კი, 1.75 მილიარდ ლარს შეადგენს. მათ შორის დაირცხული პროცენტი 200 მილიონ ლარს აღემატება. საპენსიო აქტივების სარგებელი 11%-ია.

"სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების აუცილებელ წინაპირობას. სპეციალიზებული დეპოზიტარის ძირითადი მოვალეობები იქნება ფასიანი ქაღალდების დეპონირება, საპენსიო აქტივების რეგულარული აღრიცხვა და ანგარიშგება", - ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე.