მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზი გლდანის, მუხიანის, ვარკეთილისა და სენაკის მცხოვრებლებსაც გაუძვირდათ

60d9ca6b91a48
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.21 17:25
3259
1 ივლისიდან თბილისის სამ უბანში გლდანში, მუხიანში და ვარკეთილში და ქალაქ სენაკის 37 000 აბონენტი გაზის საფასურს გაძვირებული ტარიფით გადაიხდის - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 28 ივნისის საჯარო სხდომაზე მიიღო.

სემეკის ინფორმაციით, გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის - შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი“ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების კორექტირებული ტარიფები ძალაში პირველი ივლისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

მათივე ინფორმაციით, შპს „გასკო +“ ქ. სენაკში ოპერირებს და 9 000-მდე აბონენტს ემსახურება. შპს „ვარკეთილაირი“ ქ.თბილისში ოპერირებს, ვარკეთილში 16 000-მდე აბონენტს ემსახურება. სს „ენერგოკავშირი“ ოპერირებს ქ. თბილისში, გლდანისა და მუხიანის რამდენიმე მიკრორაიონში 12 000-მდე აბონენტს ემსახურება.

„კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „გასკო +“-ის კორექტირებული ტარიფია 53.351 თეთრი/მ3 დღგ-ს ჩათვლით. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.301 თეთრი/მ3-ს.

შპს „ვარკეთილაირის“ კორექტირებული ტარიფია 57.062 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.677 თეთრი/მ3-ს.

სს „ენერგოკავშირის“ კორექტირებული ტარიფია 57.794 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 49.443 თეთრი/მ3-ს.

ტარიფების ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სემეკში შესული კომპანიების მოთხოვნები ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაახლოებით ერთი თვის წინ ბუნებრივი გაზი "თბილისი ენერჯის" მომხმარებლებისთვის დაახლოებით 8 თეთრით გაძვირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. სამომხმარებლო ტარიფების ზრდა თავად კომპანიის მოთხოვნით მოხდა. შედეგად 1 ივნისიდან ქვეყანაში ახალი ტარიფი მოქმედებს და 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46 თეთრის ნაცვლად 54 თეთრი ეღირება. ტარიფის ცვლილება გამოიწვია ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტის - გაზის მიწოდების ზღვრული ტარიფის ცვლილებამ, რომელიც 26.8 თეთრიდან 33.4 თეთრამდე გაიზარდა. ტარიფის ცვლილების ძირითადი მიზეზი ლარის კურსი გახდა.