მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის ფასი მკვეთრად ეცემა | GAZPROM-ის მოგება 41%-ით შემცირდა

646f6f4d55836
გიორგი თოლორდავა
25.05.23 18:26
1068
დასავლეთმა ენერგეტიკული კრიზისის თავიდან არიდება შეძლო. რუსეთის მუქარის მიუხედავად, ევროპაში გამყინვარებამ არ დაისადგურა, გაზის ფასმა კი ასტრონომიულ სიმაღლეებს არ მიაღწია.

ამჟამად ევროპულის გაზის ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე 26 ევროს შეადგენს, რაც ორწლიან მინიმუმს წარმოადგენს. შედარებისთვის, გასული წლის ზაფხულში გაზის ფასი 340 ევროს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირი ბირჟაზე თითქმის 92%-ითაა გაიაფებული.

ანალოგიური ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც ბუნებრივი აირი ერთ წელიწადში დაახლოებით 80%-ით გაიაფდა.

გასული წელი ენერგოინდუსტრიისთვის ნამდვილად გამოწვევებით აღსავსე იყო, რუსეთ-უკრაინის ომიდან მალევე ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია დაიწყო, რომელმაც კულმინაციას ზაფხულის პერიოდში მიაღწია, სწორედ მაშინ, როდესაც ევროკავშირმა ენერგეტიკული ემბარგო აამოქმედა, უმსხვილესმა რუსულმა ენერგოკომპანია Gazprom-მა კი ევროპას გაზის მიწოდება ფაქტობრივად შეუწყვიტა. ამ პერიოდში ექსპერტები შიშობდნენ, რომ ცივი ზამთრის დადგომის შემთხვევაში ევროკავშირი უმწვავესი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდებოდა, რომლის დაძლევასაც რეგიონი ვერ შეძლებდა.

საბედნიეროდ, ეს პროგნოზი არ გამართლდა. ზამთარი იმაზე გაცილებით უფრო თბილი და ხანმოკლე აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავდაპირველად მოელოდნენ, რამაც გაზზე მოთხოვნის შემცირებას შეუწყო ხელი.

ბუნებრივი აირის გაიაფებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ სტრატეგიასაც, რომელიც ხარჯების შემცირებას და ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვას ითვალისწინებს, ეს სტრატეგია განსაკუთრებით ეფექტური მსხვილ საწარმოებთან მიმართებით აღმოჩნდა, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ.

კიდევ ერთი ფაქტორი სტრატეგიული რეზერვების შევსებას უკავშირდება, გასული წლის შემოდგომისთვის ევროკავშირის ენერგეტიკული რეზერვების 95% სრულად იყო შევსებული, რაც იმის გარანტიას წარმოადგენდა, რომ რეგიონში ბუნებრივი აირის მწვავე დეფიციტი არავითარ შემთხვევაში არ დადგებოდა.

მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემის გადაწყობას უკავშირდება. უმოკლეს პერიოდში ევროკავშირის წამყვანი ეკონომიკები ბუნებრივი აირიდან თხევად გაზზე გადაერთნენ. ათამდე LNG პორტი თითქმის სამ თვეში აშენდა, რაც ნამდვილად უპრეცედენტო მაჩვენებელია. თხევადი გაზის წყალობით ევროკავშირმა რუსეთის ჩანაცვლება შეძლო, LNG-ის მთავარი მიმწოდებლები კი ამერიკის შეერთებული შტატები და კატარი გახდნენ.

გარდა ამისა, დასავლეთი აქტიურად მუშაობს ალტერნატიული მიწოდების წყაროებზე, მათ შორის, ახალი კონტრაქტები ფორმდება აზერბაიჯანთან, თურქეთთან და გალფის ქვეყნებთან.

მსოფლიოს მასშტაბით ბუნებრივი აირის გაიაფების ფონზე, მკვეთრადაა შემცირებული Gazprom-ის შემოსავლებიც. 2022 წლის განმავლობაში რუსულმა კომპანიამ 15 მილიარდ 400 მილიონი დოლარის მოგება მიიღო, რაც 2021 წელთან შედარებით 41%-ით ნაკლებია. არასახარბიელო ფინანსური შედეგების გამო, კომპანიამ აქციონერებისთვის დივიდენდების გაცემაც შეწყვიტა. ამ ამბების ფონზე, საფონდო ბირჟაზე Gazprom-ის აქციების ღირებულება ერთ წელიწადში დაახლოებით 60%-ითაა შემცირებული.