მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის ტარიფი წელსაც უმეტესად ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხარჯზე შენარჩუნდა

5e03656786572
დავით ჯალაღონია
25.12.19 21:41
2690
2020 წლიდან თბილისის მოსახლეობა ბუნებრივი გაზის უმნიშვნელოდ შემცირებულ გაზის ტარიფს გადაიხდის. სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს ტარიფები ძალაში 2022 წლის ჩათვლით იქნება.

გაზის სამომხმარებლო ტარიფები
(მ3/თეთრი)

კომპანია                        მოქმედი                ახალი

თბილისის ენერჯი           46.139                 46.137

ვარკეთილაირი                48.690                 48.678

ენერგოკავშირი                49.526                 49.444

საჩხერეგაზი                    51.447                 51.415

არზუ გაზი                      55.372                 55.362

ტაბა                               57.585                 57.584

ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების ფორმირებაზე გავლენას ახდენს, ლარის გაცვლითი კურსია. სოციალური გაზი, რაც საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის არის გათვალისწინებული, საქართველოს აზერბაიჯანიდან მოეწოდება. მხარეებს შორის ანგარიშსწორება დოლარში ხდება. ლარი კი წელს საგრძნობლად გაუფასურდა და თუ დღემდე მოქმედ ტარიფში გაცვლითი კურსი 2 ლარი 66 თეთრია ჩადებული, უკვე ახალი ტარიფი ორ ლარსა და 97 თეთრზეა დაანგარიშებული.

შესაბამისად ისმის კითხვა, ეროვნული ვალუტის ასეთი გაუფასურების პირობებში, როგორ მოხერხდა მოსახლეობის ტარიფის ფაქტობრივად, არსებულ დონეზე შენარჩუნება.

როგორც სემეკის დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, წელს, ისევე როგორც ეს შარშან მოხდა, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საკუთარ თავზე აიღო მოსახლეობისთვის გაზის გაძვირების რისკი და გამანაწილებელ კომპანიებს, რომელთაც მოსახლეობამდე ბუნებრივი გაზი მიაქვთ, ფასი შეუმცირა. კერძოდ, ახალ ტარიფში 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ფასი 103-ის ნაცვლად, 86 აშშ დოლარია დაფიქსირებული.

„გარკვეული რისკები და ხარჯები ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თავის თავზე აიღო, რათა ეს რისკები დაეკომპენსირებინა, მათ შორის ვალუტის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული რისკი, რამაც ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ არ გაზრდილიყო დედაქალაქში სამომხმარებლო გაზის ტარიფი“, - განმარტა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

BM.GE დაინტერესდა, გაზრდილი ხარჯები როგორ აისახება ნავთობისა და გაზის კორპორაციის გეგმებზე, რომელიც საქართველოში ახალი მაგისტრალური გაზსადენების და ნავთობსადენების დაპროექტებას და მშენებლობას ახორციელებს, ასევე სათანადო ინფრასტრუქტურას ქმნის და მართავს. ამ ეტაპზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, 2018 წელს კორპორაციის მოგება 26.7%-ით შემცირდა და 161 მილიონ 345 ათასი ლარი შეადგინა.