მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gazprom-ის მიერ Nord Stream-ის შეფერხების ტექნიკური მიზეზი არ არსებობს - Siemens Energy

63145d589852f
გიორგი თოლორდავა
04.09.22 14:17
571
რუსულმა ენერგოკომპანია Gazprom-მა დაგეგმილი „ტექნიკური სამუშაოების“ გაჭიანურების და ევროპისთვის Nord Stream 1 მილსადენით გაზის მიწოდების განუსაზღვრელი ვადით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

Gazprom-ის განმარტებით, უმსხვილესი გაზსადენის შეფერხება ტექნიკური გაუმართაობითაა განპირობებული და ამას არავითარი კავშირი არ აქვს გეოპოლიტიკურ ვითარებასთან.

ევროპელი კანონმდებლები და ექსპერტები რუსული ენერგოგიგანტის ქმედებას აშკარა პოლიტიკურ ზეწოლად განიხილავენ, ბუნებრივ აირს კი - კრემლის ეკონომიკურ იარაღად.

სწორედ აღნიშნულ პოზიციას ამყარებს გერმანული Siemens Energy, რომელიც Nord Stream-ის ტექნიკურ გამართულობასა და გაზის ტურბინების მიწოდებას უზრუნველყოფს. კომპანიის განმარტებით, მილსადენის შეფერხების ტექნიკური მიზეზი არ არსებობს და Gazprom-ის გადაწყვეტილების მიღმა სხვა ფაქტორები დგას.

Gazprom-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მილსადენის ზოგიერთ სექტორში გაჟონვა ფიქსირდებოდა, რის გამოც Nord Stream 1-ით ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად უნდა შეწყვეტილიყო. Siemens-ის მტკიცებით, მსგავსი ტიპის გაჟონვა მილსადენის შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენს.

ექსპერტების შეფასებით, ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა პირდაპირ კავშირშია პარასკევს დიდ შვიდეულის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების გადაწყვეტილების მიღებასთან.

შეფერხების ფონზე, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs პროგნოზირებს, რომ უახლოეს მომავალში, ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ღირებულებამ, შესაძლოა, აგვისტოს მაქსიმუმს გადააჭარბოს და ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწიოს.