01.აპრილი .2022 16:00

მთავრობამ საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე 135 მლნ ლარზე მეტი დახარჯა

მთავრობამ საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე 135 მლნ ლარზე მეტი დახარჯა
views 1001
უკან

საქართველოს მთავრობა 10-ზე მეტ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში არის ჩართული, რომლებშიც მას საერთაშორისო იურიდიული ფირმები წარმოადგენენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ (TI) ამ დავების ფარგლებში დაქირავებული იურისტების ჰონორარები დააჯამა, რომლის მიხედვითაც, 2017-2021 წლებში საარბიტრაჟო დავებთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურებზე საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა 135 მლნ ლარის 96 მსხვილი კონტრაქტი გააფორმეს. 2017 წლამდე იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები გაცილებით ნაკლები იყო. კერძოდ, 2011-2016 წლებში გაფორმებული 32 მსხვილი კონტრაქტის ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარს არ აღემატებოდა, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავების მატებასთან ერთად, მათი მომსახურების ბიუჯეტიც გაიზარდა. 

2017 წლიდან საქართველოს მხრიდან იურიდიული მომსახურების შესყიდვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ იურიდიული მომსახურების შესყიდვის მიზნით მსხვილ კონტრაქტებს პირდაპირი (გამარტივებული) შესყიდვის გზით აფორმებდნენ. კონტრაქტების უმეტესობა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებს ეხება. საარბიტრაჟო დავებში მომსახურებაზე ელექტრონული ტენდერით მსხვილი კონტრაქტები არ გაფორმებულა.

"იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე ყველაზე მეტი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დახარჯა, რომელმაც ბოლო 5 წელიწადში 82.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 14 მსხვილი კონტრაქტი გააფორმა პირდაპირი შესყიდვის გზით. შემდეგ მოდის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელმაც 22.5 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 19 მსხვილი კონტრაქტი გააფორმა. 21.3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 4 კონტრაქტით კი მესამე ადგილზეა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია".

იურიდიული მომსახურების მიმწოდებლები ძირითადად უცხოური კომპანიები იყვნენ. ჯამურად გაფორმებული 135 მლნ ლარის კონტრაქტებიდან 85% სამ უცხოურ კომპანიაზე მოდიოდა. ესენია: ამერიკულ კომპანია „White & Case“ – 81 მლნ ლარი, ინგლისური კომპანია „Hogan Lovells International“ – 23 მლნ ლარი და ამერიკულ-ინგლისური კომპანია „Gaillard Banifatemi Shelbaya“ – 11.5. კომპანია „Hogan Lovells International“ 2020 წლიდან პარტია „ქართული ოცნების“ ლობისტი კომპანიაა,"- წერს TI. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა