მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზრდილი ფასი საწვავზე, სანქციები - როგორი იყო 2022 წელი ავიაციისთვის?

639b1ac935e7d
მარიამ ვარადაშვილი
15.12.22 22:00
602
უკრაინაში მიმდინარე ომს სხვა სექტორების მსგავსად ავიაციაზეც ჰქონდა გავლენა. მსოფლიოში ნავთობზე გაზრდილმა ფასმა საავიაციო საწვავიც გააძვირა, რამაც თავის მხრივ ბილეთების გაძვირება გამოიწვია, რადგან საწვავის ფასს ბილეთის ფასში ყველაზე მაღალი წილი უკავია.

წელს ავიაციის სექტორისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რუსეთისთვის დაწესებული სანქციები აღმოჩნდა. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს. საპასუხოდ რუსეთმაც ჩაკეტა ევროპული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე, რამაც ამ კომპანიებს აზიაში შესრულებული ფრენები გაუძვირა და გაურთულა. შედეგად, ისინი აზიაში ფრენებს რუსეთის გვერდის ავლით ახორციელებენ, რის გამოც საჰაერო ნაკადებმა სამხრეთ-აღმოსავლეთით გადმოინაცვლა. მათ შორის გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელიც.

სანქციები რუსულ ავიაკომპანიებს

უკრაინაში ინტერვენციის გამო, რუსეთის საჰაერო სივრცე თითქმის სრულ ბლოკადაში მოექცა. საპასუხოდ რუსეთმა 30-ზე მეტ ქვეყანას ცა ჩაუკეტა. აღსანიშნავია, რომ არც ევროკავშირს და არც რუსეთის საავიაციო ხელისუფლებას [როსავიაციას] არ დაუსახელებიათ თარიღი, როდემდე გაგრძელდება ეს აკრძალვა, თუმცა უკრაინაში კვლავ მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო მოსალოდნელია სანქციები 2023 წელსაც დარჩეს ძალაში.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში 27 თებერვალს ევროკავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დაიხურება. კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, EU-ს ცა იხურება რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში მყოფი, რუსეთში რეგისტრირებული და რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ავიაკომპანიებისთვის.

სანქციების გამო დაზარალდნენ ევროპული სალიზინგო კომპანიებიც, რომლებმაც რუსულ ავიაკომპანიების სარგებლობაში არსებული თვითმფრინავების დაბრუნება ვეღარ შეძლეს. თავის მხრივ Boing-მა და Airbus-მა რუსულ კომპანიებს ტექნიკური დახმარება შეუჩერეს. კერძოდ, ისინი რუსეთში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავის კომპონენტებს აღარ აწვდიან. სწორედ ამ მიზეზით სხვადასხვა რუსულ კომპანიებს სათადარიგო ნაწილებისთვის თვითმფრინავების დაშლა უწევთ. როგორც DW წერს, ომის დაწყებამდე მათ მფლობელობაში ჯამში 800 თვითმფრინავი იყო, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა Boing-სა და Airbus-ის მიერ იყო წარმოებული. მეტიც, პანდემიამდე პერიოდში რუსული ავიაკომპანიები წლიურად 120 მლნ მეტ მგზავრს მოემსახურნენ და ფრენების ნახევარზე მეტი საერთაშორისო იყო, რაც დღეს სანქციების გამო სრულად გაჩერებულია. აქედან გამომდინარე, გერმანული გამოცემა მიიჩნევს, რომ რუსეთის კომერციული ავიაცია ნელი სიკვდილის რეჟიმზეა გადასული.

საავიაციო საწვავზე გაზრდილი ფასი

ომის დაწყებიდან მალევე საავიაციო საწვავზე ფასი რეკორდულად გაიზარდა. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის [IATA] ინფორმაციით, ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ ბარელის ფასი 150 დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად 120%-იანი მატებაა. ორგანიზაციის ცნობითვე, პანდემიამდე საწვავის ხარჯი ავიაკომპანიების საოპერაციო ხარჯების თითქმის მეოთხედს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი ფასი ბარელზე 108 დოლარამდეა შემცირებული, წლიურ ჭრილში ზრდა მაინც 24%-ს აღემატება. ფასის შემცირება მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის შემცირებას უკავშირდება, თუმცა სექტორის წარმომადგენლები ელიან რომ საწვავზე მაღალი ფასი მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება. გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, ევროპის ლიდერი ავიაკომპანიის Ryanair-ის დირექტორი ბილეთებზე მაღალ ფასს მომდევნო წლებშიც პროგნოზირებს. ამის მიზეზად მაიკლ ოლერი სწორედ საავიაციო საწვავის ფასს ასახელებს.

ავიაციის ინდუსტრია 2023 წელს

მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ [Eurocontrol] ავიაციის აღდგენის პროგნოზს გადახედა. უახლესი პროგნოზით ორგანიზაცია ავიაციის პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნებას 2025 წლისთვის ელოდება. ბაზისური სცენარით კი 2023 წლისთვის სექტორი პანდემიამდელ ნიშნულს მხოლოდ 92%-ით დაუბრუნდება.

“ზაფხულში მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო, თუმცა ეს მოთხოვნა გარკვეულწილად შეფერხდა სექტორის შესაძლებლობებიდან და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. ამის გათვალისწინებით ველით, რომ 2022 წელს დაახლოებით 9.3 მლნ ფრენა იქნება, რაც 49%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე, თუმცა 16%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი შემდეგი წლის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც 2019 წლის დაახლოებით 92% იქნება, თუმცა ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი რისკები, რასაც აღდგენის მაჩვენებელზე გავლენის მოხდენა შეუძლია”,- წერს Eurocontrol.

რაც შეეხება შემოსავლებს, IATA-ის პროგნოზით, თითქმის სამწლიანი ჩავარდნის შემდეგ, სექტორი მოგებას მომავალი წლიდან დაუბრუნდება. კერძოდ, ორგანიზაცია ვარაუდობს,რომ ავიაციის მოგება 2023 წლისთვის 4.7 მილიარდ დოლარს მიაღწევს.