მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გაზრდილი ტვირთნაკადის მისაღებად ქვეყანა მზად არ არის”- “სოფმარი”

6241bf8037247
ანუკა ჯოხაძე
02.04.22 19:00
2338

რეგიონში განვითარებული საომარი მოქმედებების გამო შავი ზღვის პორტები შეფერხებებით მუშაობს. უკრაინის პორტები დაკეტილია, ხოლო რუსეთში ამოქმედებული სანქციების გამო ტვირთების მიღება ვერ ხერხდება. გადამზიდავი კომპანიები ამბობენ, რომ რუსეთის კრიზისი საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობაა, რომელიც ქვეყანას აბრეშუმის გზის ე.წ უალტერნატივო ჰაბად გადაქცევის შესაძლელობას აძლევს.

თუმცა გადამზიდავი კომპანია “სოფმარის” დამფუძნებელი ვახტანგ ალანია ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული პორტები ტვირთების დიდი ნაკადების მისაღებად მზად არ არის.

ალანია აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც შავ ზღვაში არსებულ პორტებს პრობლემები შეექმნათ, საქართველოს პირისპირ შესაძლებელობების ახალი კარი გაიხსნა, თუმცა მისი განმარტებით, ქვეყანა დიდი ალბათობით, როგორც საპორტო, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით არსებული პრობლემების გამო ამ შესაძლებლობას დაკარგავს.

“მოთხოვნა არის, მაგრამ რეალურად ჯერ ტვირთები არ წამოსულა. პირველ რიგში, რკინიგზა მზად არ არის, ნავსადგური მზად არ არის, არც სასაწყობო მეურნეობა გვაქვს მზად. ნავსადგური თავისი სიღრმეებით და ტექნიკური საშუალებებით მზად არ არის. ეს ყველაფერი ერთ ან ორ დღეში, ან თუნდაც ერთ წელიწადში არ კეთდება. ამიტომ ჩვენ ვერ მივიღებთ იმ რაოდენობის ტვირთს, რაც წამოვა. რაღაც კონკრეტული რაოდენობის მიღებას შევძლებთ, მაგრამ დიდი რაოდენობის მიღებას, რომ შესამჩნევი და მომგებიანი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ვერა და ამის მე არ მჯერა. ნაწილობრივ არსებული პოტენციალის ათვისებას შევძლებდით, რომ გვქონოდა ანაკლიის პორტი. რაც უფრო მეტი ნავსადგური, ნავმისადგომი და სასწყობე მეურნეობაა ქვეყანაში, მით უფრო მეტ ტვირთს მივიღებდით და დავამუშავებდით. დღეს ანაკლიის პორტი რომ ყოფილიყო, მეტი საშუალება გვექნებოდა, მაგრამ არ არის, გავაჩერეთ", - აცხადებს კომპანია "სოფმარის" დამფუძნებელი ვახტანგ ალანია.

გაზრდილ სატვირთო ნაკადებზე BM.GE-თან გასულ კვირას საუბრობდა კომპანია "კაიროს ლოჯისტიკის" დირექტორიც. როგორც მიხეილ ნამადოვი აცხადებდა, მას შემდეგ, რაც რუსეთში კრიზისი დაიწყო, საქართველოს პორტებზე მოთხოვნა გაიზარდა. უფრო მეტიც, მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის პორტებში არსებული შეფერხებების გამო, ტვირთების გაზრდილი ნაკადები საქართველოში უკვე შემოვიდა. გაზრდილი მოთხოვნის გამო, კომპანიამ ფოთში წარმომადგენლობაც კი გახსნა.