მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზრდის თუ არა ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს? - ვიცე-პრეზიდენტის პასუხი

62ac2ee658611
შოთა ტყეშელაშვილი
17.06.22 11:38
2206
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 22 ივნისს რეფინანსირების განაკვეთის შესახებ მორიგი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მარტიდან მოყოლებული საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე არის გაზრდილი, რაც რეკორდულად მომატებული ინფლაციის შეკავებას ისახავს მიზნად. იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილება არის მოსალოდნელი, გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ინფლაცია, რომელიც 13.3%-მდე არის გაზრდილი, დღეს საქართველოს ეკონომიკის უმთავრესი გამოწვევაა.

მესტვირიშვილი განმარტავს, რომ ეროვნული ბანკი უნდა დააკვირდეს იმ შედეგებსაც, რომლებიც როგორც თავად სებ-ის, ასევე აშშ-ის FED-ის მიერ იყო მიღებული, რადგანაც ახლახან აშშ-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, რომლის საქართველოზე გადმოცემის ეფექტებსაც სებ-ი შეისწავლის, თუმცა ეს განაკვეთებსა და დაკრედიტებაზე მყისიერად არ აისახება. ამასთან, მესტვირიშვილი არ გამორიცხავს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის მიმართულებით გადახედვის შესაძლებლობას, “თუ ამის საჭიროება იქნება”.

“ინფლაცია დღეს ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევაა, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტესი ქვეყნებისთვის. ერთ-ერთი ინსტრუმენტია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც გავლენას ახდენს ერთობილ მოთხოვნაზე და ლარით დენომინირებულ სესხებზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გავლენა უცხოური ვალუტის სესხებზე არის ნაკლები, აქედან გამომდინარე ჩვენ სექტორულად ვუყურებთ სესხებს, თუ რა ხდება სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ვალუტის სესხებზე. აქედან გამომდინარე ჩვენ გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ წინა შეხვედრების დროს, მათ შორის უცხოური ვალუტით დენომინირებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა შევამცირეთ 15 წლიდან 10 წლამდე, ამასაც თავისი მიზეზები ჰქონდა, რადგანაც პანდემიის დროს ევროს ყოველ მესამე სესხს პრობლემები შეექმნა და რესტრიქტურიზაცია და ვადის გაგრძელება დასჭირდა.

გარდა ამისა წინა შეხვედრაზე განვაცხადეთ, რომ ჩვენ განვიხილავთ სარეზერვო მოთხოვნების ზრდას, რაც უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მოახდენს გავლენას. მთლიანობაში უნდა დავაკვირდეთ, რადგანაც FED-მა დაიწყო საკმაოდ აგრესიულად პროცენტის ზრდა და ვნახოთ, რამდენად სწრაფად გადმოეცემა ეს ჩვენ ბაზარს, რომ დაგვჭირდება თუ არა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება თუ არ გვჭირდება.

შემდეგი სხდომა გვაქვს მომდევნო კვირაში და სავარაუდოდ ეს შედეგები შემდეგი სხდომისთვის არ იქნება, ვინაიდან გარკვეული დრო სჭირდება, რათა დავაკვირდეთ, თუ რა დინამიკა გვაქვს სესხების კუთხით მას შემდეგ, რაც ჩვენ სხვადასხვა მაკროპრუდენციული ზომები გამოვიყენეთ.

არც მონეტარული პოლიტიკის ზრდა არის გამორიცხული, თუ ამის საჭიროება იქნება და არც სხვა ინსტრუმენტების ცვლილების,”- განმარტავს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.