მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GDBA ინფლაციის მოთოკვის ერთადერთ გზას გადასახადების შემცირებაში ხედავს

621e3f5195611
ელენე გოგბერაშვილი
02.03.22 10:15
965
უკრაინიდან საქართველოში სასურსათო პროდუქციის იმპორტი შეჩერებულია, რუსეთში გარკვეულწილად შეფერხებულია ფულადი ტრანსფერები, ხოლო რუბლის გაუფასურების გამო მომწოდებლების ნაწილი თავს იკავებს პროდუქციის რეალიზაციისგან.

მიუხედავად ამ რეალობისა, ქართველი დისტრიბუტორები ამბობენ, რომ საქართველოს სასურსათო პროდუქტებით მომარაგების პრობლემა არ დგას და კომპანიები აქტიურად მუშაობენ სხვა ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე, თუმცა ფაქტია ის, რომ ამ ბაზრებიდან პროდუქციის თვითღირებულებაც და ლოგისტიკაც გაცილებით ძვირია, ვიდრე ეს რუსეთის ან უკრაინის შემთხვევაშია. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ფასები სასურსათო პროდუქტებზე აუცილებლად გაიზრდება.

„მარაგების კუთხით კომპანიებს პრობლემა ამ ეტაპზე არ აქვს, თუმცა შეფერხებაა რუსეთის მიმართულებით გადარიცხვების თვალსაზრისით. პრობლემა აქვთ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჩვენ დამოკიდებული ვართ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ბაზარზე ისეთი სენსიტიური პროდუქტებით როგორიცაა ხორბალი, ფქვილი, ბურღულეული, ზეთი... სხვა პროდუქტებზე არც ვსაუბრობ, იმდენად ფართოა ჩამონათვალი. ვმუშაობთ ალტერნატიულ გზებზე, თუ როგორ შეიძლება დალაგდეს პროცესები.

უკრაინაში ქარხნები დაიკეტა და შეწყდება იმპორტი, თუ ფულად გზავნილებზე პრობლემა არ შეიქმნება, რუსეთიდან პროდუქციის შემოტანა არ შეჩერდება, მაგრამ კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა გადაერთონ ალტერნატიულ ბაზრებზე, მაგრამ ალტერნატიულ ბაზრებს მოჰყვება ფასების მკვეთრი ცვლილება. იგივე ევროპიდან ანალოგიურად პროდუქტის ტრანსპორტირება 100%-ით ძვირი ღირს, დაახლოებით წარმოდგენა რომ გქონდეთ - თუ უკრაინიდან და რუსეთიდან პროდუქციის ლოგისტიკა ჯდებოდა 200-2500 დოლარის ფარგლებში, ევროპული ქვეყნებიდან 5000 დოლარამდეც კი ადის. გარდა ამისა, პროდუქციის თვითღირებულება ევროპაში გაცილებით მეტია, რაც პირდაპირ აისახება ფასებზე“, - ამბობს ივა ჭყონია.

შექმნილ რეალობაში ბიზნესი გამოსავალს საგადასახადო რეჟიმის ცვლილებაში ხედავს. იმისთვის, რომ დისტრიბუტორებმა ომიდან მომდინარე ნეგატიურ გავლენებს სათანადოდ უპასუხონ და პროდუქციაზე ფასების ზრდასთან ერთად მათ მძიმედ არ დააწვეთ საგადასახადო წნეხი, მთავრობას მიმართავენ ბიზნესს დამატებული ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადები შეუმციროს.

„იმისათვის, რომ ინფლაცია არ მივიღოთ ორჯერ მეტი, რაც დღესაა, აქ ერთადერთი გამოსავალია, მთავრობის აქტიური ჩართულობა იმ კუთხით, რომ შემცირდეს გადასახადები, როგორიცაა დღგ, საშემოსავლო გადასახადი, რომ ბიზნესს ჰქონდეს ლავირების საშუალება პროდუქტებზე, რომლებზეც იძულებული იქნებიან ფასები გაზარდონ; გარდა ამისა სტაბილურად შეინარჩუნონ ბიზნესი და თანამშრომლები“, - აცხადებს ივა ჭყონია.