მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია: "მთავრობა ინფრასტრუქტურაში განახორციელებს მინიმუმ 20 მლრდ ლარის ინვესტირებას"

5f9afca1ec8f0
BM.GE
29.10.20 22:40
770
ჩვენი თანმიმდევრული გეგმა მომავალი 4 წლის განმავლობაში, როგოც ყოველთვის იქნება კონცენტრირებული იმ ძირითად ფასეულობებზე, რომელსაც ყოველთვის ატარებდა „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნოდარ ტურძელაძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მმართველი გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში განახორციელებს მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას.

„საქართველოს მთავრობა მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში განახორციელებს მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას. ეს იქნება ინვესტიციები ჩვენს გზებში, სკოლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სპორტულ არენებში. ეს იქნება ის, რამაც ჩვენი ქვეყანა უნდა დაამსგავსოს საუკეთესო ევროპულ ქვეყნებს და ქალაქებს. მერწმუნეთ, რომ ეს ოთხი წელი იქნება ლოგიკური გაგრძელება იმ ორი ოთხი წლის, რომელიც ჩვენ აქამდე გამოვიარეთ და ეს 4 წელი მოგვცემს ჩვენ შესაძლებლობას, აბსოლუტურად დასაბუთებულად გავაკეთოთ განაცხადი სრულფასოვან წევრობაზე ევროპის დიდ ოჯახში. ჩვენ ყველა უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად თითოეულ ჩვენგანს მოგვიწევს შრომა ჩვენს ადგილზე იმისთვის, რომ ავასრულოთ ჩვენი დიდი წინაპრების დიდი ოცნება და ჩვენ ამის შესაძლებლობა დღეს გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული, გლობალური ეკონომიკური კრიზისია, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს გამოწვევა საქართველოსთვის იქცეს შესაძლებლობად.

„მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულ გარემოში გვიწევს ამ კამპანიის ჩატარება - ნიღბებით დისტანციით, ყველას კარგად გვესმის, რომ საკმაოდ სერიოზული, გლობალური ეკონომიკური კრიზისია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად. შეგვიძლია, გავიაროთ ვირუსის მეორე ტალღა ზუსტად ისე წარმატებით, როგორც გადავიარეთ პირველი და ეს ყველაფერი უნდა იყოს ჩვენი საერთო მიღწევა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და როცა ნიღაბს ვატარებთ, ამას არ ვაკეთებთ ჩვენი თავისთვის, არამედ ვაკეთებთ ჩვენი მეზობლისთვის, ახლობლისთვის, ჩვენი ხანდაზმული ადამიანებისთვის, რაც არის ძალზედ მნიშვნელოვანი და არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე“, - განაცხადა გორგი გახარიამ.