მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგმას ვერ ავცდებით - როგორ შეუწყობს ხელს ეკონომიკის სამინისტრო მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე?

602283b0ef5e7
ინგა მურუსიძე
09.02.21 22:10
656
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არველაძეს დეპუტატებმა ჰკითხეს, თუ როგორ გაითვალისწინებს სახელმწიფო მეწარმეების პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც პანდემიის გამო დადგა და რომლის გამოც ევროკავშირის ბაზრებზე ინტეგრაციას ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი დაინტერესდა, ხომ არ იქნებოდა მისაღები, რომ სახელმწიფო დაეხმაროს კომპანიებს არა მხოლოდ კონსულტაციებით, არამედ სხვა მხრივ, მათ შორის ლოჯისტიკური თვალსაზრისით.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, რეგლამენტები დროში ვერ გადაიწევს, რადგან ნებისმიერი ცვლილება თარიღთან დაკავშირებით იწვევს შეთანხმების გადახედვას, ვინაიდან ის დროში არის გაწერილი კონკრეტული ვალდებულებებით.

„რაც შეეხება იმპლემენტაციის პროცესს, ამ ნაწილში ჩვენ ვითვალისწინებთ კერძო სექტორის ჩართულობას, მათ მოსაზრებებს, გამოწვევებს, რომელიც აქვთ. ასევე იმასაც, თუ როგორ მოახერხებენ ვალდებულებების შესაბამისად მათივე ადაპტაცია მოხდეს და აქედან გამომდინარე ვწყვეტთ ყველაფერს, როცა ძალაში შესვლასა და იმპლემენტაციაზე გვაქვს საუბარი.

რეალურად, არის შესაძლებლობა, რომ საკონსულტაციო საბჭოს პლატფორმის ფარგლებში მათ წარმოადგინონ წინადადებები, რომლებსაც ვუზიარებთ წინასწარ. ანუ, გაზიარება ხდება ყველა რეგლამენტის და გადაწყვეტილების მიღებამდე ვმსჯელობთ, თუმცა ამის გარდა, არც ერთი რეგლამენტის მიღება არ ხდება ისე, რომ განხილული არ იყოს, მით უმეტეს, თუ მან შეიძლება კერძო სექტორს შეფერხება შეუქმნას. თუ ნახავთ და დააკვირდებით, როცა რეგლამენტებს ვიღებთ, აღსრულების გარდამავალი ფაქტორები ყოველთვის არის გათვალისწინებული“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

მისი თქმით, გამოწვევები აქვს არა მხოლოდ კერძო სექტორს, არამედ სახელმწიფოსაც და საჭიროა, სახელმწიფო ინსტიტუტების მზაობა. ამ კუთხით მაგალითად მოიყვანა ლაბორატიების სიმწირე, ასევე საერთაშორისო ექსპერტიზის საჭიროება იმის გამო, რომ შესაბამისი ცოდნა არ არსებობს და ა.შ.

„არსებობს გამოწვევები, რომლის გათვალისწინებაც ხდება, როცა დადგენილებების ამოქმედებაში გარდამავალ პერიოდებს ვიღებთ. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნებისმიერი გადავადება ნიშნავს ექსპორტის გადავადებას, საქართველოს პროდუქციის შეღწევის გადავადებას ევროკავშირის ბაზარზე. იმ საკითხებს, რომლებსაც აქამდე ვითვალისწინებით რეგლამენტის შედგენისას, ახლა დაემატა პანდემია და იმ რეგლამენტებს, რომლებსაც 2021 წელს დავნერგავთ, კერძო სექტორის ინტერესიდან, შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ იმპლემენტაციის დროსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, გეგმას ვერ ავცდებით, რადგან ეს არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული, მაგრამ იმპლემენტაციის პერიოდის კუთხით აუცილებლად გავითვალისწინებთ.

გარდა ამისა, გენადი არველაძე გამოეხმაურა 7-წლიანი დახმარების პაკეტსაც, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო ევროკავშირთან მუშაობს.

„ჩვენ ვმართავთ მოლაპარაკებებს 7-წლიანი დახმარებების კუთხით ევროკავშირთან და იმ ახალი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დადგა, აქცენტები და პრიორიტეტები სწორედ ამ გამოწვევის მიხედვით არის არჩეული“, - განმარტა მან.