მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგმავს თუ არა ივანიშვილი წყალტუბოს სანატორიუმების გამოსყიდვას? - თურნავას განცხადება

613f4adae775e
ინგა მურუსიძე
13.09.21 17:15
876
გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო ყველა - 22 სასტუმრო და 9 აბანო, - ეს განცხადება 2019 წელს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. მაშინ ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ პირადად გადაწყვიტა კურორტის აღორძინების პროექტს სათავეში ჩაუდგეს. მას შემდეგ 2 წელი გავიდა.

2021 წლის ივლისში, წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე ცნობილი გახდა, რომ სანატორიუმები დევნილებისგან დაიცლება და ისინი ახალ საცხოვრებელ ბინებს მიიღებენ, შენობები კი პრივატიზაციას დაექვემდებარება.

BM.GE-მ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას სწორედ ბიძინა ივანიშვილის 2 წლის წინანდელი განცხადება შეახსენა და დაინტერესდა, თუ რა ეტაპზეა წყალტუბოს განვითარების პროექტი:

„წყალტუბოს მიმართულებით 2 წლის წინ დაანონსებული გეგმა აღსრულების ეტაპზეა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაუკვეთა და საკმაოდ საინტერესო გენერალური განვითარების გეგმა დაიდო, რომლის საჯარო განხილვებიც გაიმართა. პარალელურად, სახელმწიფო ამზადებს იქ არსებულ სანატორიუმებს და შენობებს საპრივატიზაციოდ, რაც ბიზნესისთვის საკმაოდ მიმზიდველია. გეგმაზომიერად ხდება განსახლება. ეს ცალკე პროგრამაა, ყველაფერი კომპლექსში მოგვცემს საშუალებას, რომ საპრივატიზებოდ გამოვიტანოთ იქ არსებული შენობები სხვადასხვა საინვესტიციო ვალდებულებებით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მაღალი იქნება ბიზნესის ინტერესი“, - განაცხადა თურნავამ.

კითხვაზე, იქნება თუ არა ჩართული კურორტის განვითრების პროცესში ბიძინა ივანიშვილი, თურნავა პასუხობს, რომ „ბატონმა ბიძინამ მისცა ძალიან დიდი სტიმული ამ კურორტის განვითარებას".

„ბატონი ბიძინა წლების მანძილზე ე.წ. სოციალურ ინვესტიციებს ახორციელებს, რაც მოგებაზე არ არის ორიენტირებული. მისი ეს წინადადებაც იქით იყო მიმართული, რომ კერძო ბიზნესი წაეხალისებინა, რათა იმ შემთხვევაში, თუ დახმარება დასჭირდება სახელმწიფოს, ან კერძო ბიზნესს, ამ კურორტის განვითარებაში, ის და მისი ფონდი „ქართუ“, როგორც ყოველთვის, აქ არის და მზად არის.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, ეს გეგმა ისე დაეწყო და ბიზნესის ინტერესიც იმდენად მაღალია, რომ აქ ბიზნესი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ პრივატიზაციაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.