მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგმავს თუ არა "რომპეტროლი" რუსეთიდან საწვავის იმპორტს?

630631089cf3c
მარიამ ვარადაშვილი
24.08.22 18:15
1206
“რომპეტროლი” რუსეთიდან საწვავის შემოტანას არ აპირებს. კერძოდ, BMG-ის კომპანიაში უთხრეს, რომ უახლოს მომავალში საიმპორტო ბაზრების დივესიფიცირება არ იგეგმება.

გასულ კვირაში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საწვავის საავტომობილო ბაზრის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგი მიმდინარე წლის 7 თვეს მოიცავს. სააგენტო საკუთარ ანგარიშში წერს, რომ რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიები საწვავს ერთნაირ ფასად ყიდიან.

BMG დაინტერესდა, მოუწევს თუ არა კომპანიას რუსეთიდან იმპორტის დაიწყება ფასის გამო, თუ ბაზარზე რუსული საწვავის იმპორტის მზარდი ტენდენცია გაგრძელდა.

„რომპეტროლ საქართველო“ სრულად მარაგდება რუმინული საწვავით თავისსავე ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ და შესაბამისად პასუხის გაცემა შეგვიძლია მხოლოდ რუმინეთიდან საწვავის შემოტანის საკითხებზე. კომპანია არ გეგმავს უახლოეს მომავალში სადისტრიბუციო არხების გადახედვას.

კომპანიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის საწვავის რეალიზაცია და ყველა იმ ბაზრებზე სადაც რომპეტროლი ოპერირებს იგი პოზიციონირებას ახდენს როგორც პრემიალური პროდუქტის რეალიზატორი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი საწვავის თვითღირებულება, ხარისხის შესაბამისად, მაღალია, ამასთანავე კი ბრენდირებული კომპანიის საოპერაციო ხარჯიც საკმაოდ მაღალი, კომპანია მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდება საწვავის ფასების ზრდას მომხმარებლების განწყობიდან გამომდინარე და სწორედ ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ საწვავის სარეალიზაციო ფასი რუმინეთში უფრო მაღალია ვიდრე რუმინული საწვავის სარეალიზაციო ფასი საქართველოში.

მკაცრად ვიცავთ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას, ვართ ბაზრის ინდივიდუალური მონაწილეები და თავად განვსაზღვრავთ ჩვენს კომერციულ და საფასო პოლიტიკას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ მთავრობისა და საზოგადოების წუხილს საწვავის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით და მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ კონკურენციის სააგენტოსთან რათა ყველა მათ შეკითხვას პასუხი გავცეთ”,- აცხადებენ კომპანიაში.