მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა

6183e90990bda
შოთა ტყეშელაშვილი
04.11.21 23:00
6040
2021 წლის 8 თვის მონაცემებით საქართველომ 26,000 ტონა ნედლი ნავთობი და 14 მლნ კუბური მეტრი გაზი მოიპოვა. ეკონომიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის სააგენტოს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნავთობის მოპოვება 36%-ით არის გაზრდილი.

ამჟამად საქართველოში ნავთობის ძებნა/ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სულ 11 კომპანია ახდენს. თითოეული მათგანი საერთაშორისო ტენდერის მეშვეობითაა შერჩეული და ისინი 25 სხვადასხვა სალიცენზიო ხელშეკრულებით მუშაობენ. 

ნავთობისა და გაზის სააგენტოს ინფორმაციით, წელს ნავთობის მოპოვების ზრდა კომპანიების მხრიდან ახალი ტექნოლოგიების, კერძოდ ჰორიზონტალური ბურღვის, ასევე სამგანზომილებიანი სეისმური ძიების პროცესებმა განაპირობა. 

მოპოვების ზრდის მიუხედავად, საქართველოში მოხმარებული ნავთობ-პროდუქტების უდიდესი ნაწილი, 97%-ზე მეტი იმპორტირებულია. 

"განახლებული ჭაბურღილების ექსპლუატაციაში გაშვების შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პერსპექტივები ნავთობისა და გაზის მოპოვების გაზრდის თვალსაზრისით დასავლეთ რუსთავის საბადოზე და მეზობელ (სამგორი-პატარძეული,თელეთი) საბადოებზეც, სადაც უკვე დაგეგმილია მსგავსი სამუშაოების განხორციელება ადრე გაბურღულ ჭაბურღილებში და დაწყებულია ახალი ჭაბურღილის გაბურღვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოპოვებული ნავთობი მთლიანად ადგილზე, ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გადამუშავდება. 2020 წელს ჯამში გადამუშავებულ იქნა 28,437 ტონა ნავთობი. 2021 წლის 3 კვარტლის მონაცემებით კი 28 932 ტონა ნავთობია გადამუშავებული , რაც მკვეთრად აღემატება 2020 წლის 3 კვარტლის მონაცემებს (19 000 ტონა ნავთობი), შესაბამისად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ნავთობის გადამუშავება მომატებულია 47 %-ით.

2021 წელს I-III კვარტალში გადამუშავების შედეგად მიღებული იქნა:

ნაფტა 3033.64 ტონა (2020 წლის I-III კვარტალში 1774.7 ტონა);
ბენზინი 6404.6 ტონა (2020 წლის I-III კვარტალში 6667 ტონა);
დიზელი 12651.65 ტონა (2020 წლის I-III კვარტალში 8303.2 ტონა);
მაზუთი 12426.45 ტონა (2020 წლის I-III კვარტალში 8886.9 ტონა);
ბიტუმი 368.09 ტონა (2020 წლის I-III კვარტალში არ უწარმოებიათ),"- ნათქვამია ნავთობისა და გაზის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.