მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული დასალევი ხილ-ბოსტნეული „კეთილი და პატიოსანი“ რამდენიმე ქვეყანაში გადის ექსპორტზე

60cca049c2f48
ვიქტორია მღებრიშვილი
19.06.21 00:00
1144
კომპანიამ „ქართული აგრო პროდუქტი“ პანდემიის პერიოდში ახალი პროდუქტი - დასალევი ხილ-ბოსტნეულის წარმოება დაიწყო და სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად, ადგილობრივი ბაზრის გარდა, მისი რეალიზება საექსპორტო ბაზრებზეც შეძლო.

კომპანიის დირექტორი, გიორგი ახალაძე BM.GE-სთან ამბობს, რომ 2020 წლის ნოემბერიდან დღემდე „კეთილი და პატიოსანი“ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და კატარში იყიდება.

“პანდემიიდან გამომდინარე ექსპორტზე ძალიან შეგვეშალა ხელი. საერთაშორისო გამოფენებზე, სადაც კომპანიები სახელმწიფოს თანადაფინანსებით იყვნენ წარმოდგენილები, ვერ დავდივართ. ამასთან, პანდემიამდე ვიყავით საერთაშორისო გამოფენაზე ჩინეთში და რა კონტაქტებიც გვქონდა ამ გამოფენიდან, დავკარგეთ. ტრანსპორტირების მიმართულებით დიდი გამოწვევები გვქონდა, რის გამოც მეზობელ ქვეყნებში პროდუქტის გატანა ვერ შევძელით. ექსპორტი პროდუქტის რეალიზაციისთვის დამატებითი ბაზარია და ეს ბაზრების ქართველი მწარმოებლების მიერ უნდა გაფართოვდეს. არსებული გამოწვევების მიუხედავად 2020 ბოლოს „კეთილი და პატიოსანი“ აშშ-ში (2 კონტეინერი - 56 ტონა) გავიტანეთ, დიდ ბრიტანეთთან გავაფორმეთ კონტრაქტი, რომლის მიხედვით ივლისიდან დასალევი ხილ-ბოსტნეულის რეგულარულ მიწოდებას დავიწყებთ; კატარში გამოფენაზე საცდელი რაოდენობა 3 ათასი ყუთი გავუშვით გამოფენაზე“, - ამბობს „ქართული აგრო პროდუქტის“ დირექტორი.

მისი ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები როგორც ადგილობრივი ბაზრის ათვისების ასევე, უცხოურ ბაზარზე შესვლის მიმართულებით დივერსიფიცირებული იქნება.

„ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ფასი განსხვავებულია და შემოსავლიანობის კუთხით ექსპორტი უფრო საინტერესოა. დღეისთვის საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე ვმუშაობთ და ვეცდებით, რომ წარმოების გაფართოების პარალელურად „კეთილი და პატიოსანი“ მიმდინარე წელს საფრანგეთში, უკრაინაში, რუსეთსა და არაბულ ქვეყნებში გავიტანოთ“, - უთხრა BM.GE-ის „ქართული აგრო პროდუქტის“ დირექტორმა.