მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა უმუშევრობის კომპენსაციის 2 თვის მონაცემებს დეტალურად გაანალიზებს

5eea2238e6f94
ინგა მურუსიძე
17.06.20 18:27
1078
ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავლები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენის დროს დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ.

„აპრილის განმავლობაში ჯერ კიდევ დაზუსტებით არ იყო ცნობილი რამდენი ადამიანი დაკარგავდა სამსახურს, ასევე, არ იყო ცნობილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რა მოცულობით და როდემდე დადგებოდა შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. შესაბამისად, ჩვენ, დაახლოებით, 350 ათასი ადამიანისთვის გავაკეთეთ შეღავათი საკომპენსაციო თანხით. ასევე, 350 ათასი ადამიანისთვის საგადასახადო შეღავათი გავუკეთეთ კომპანიებს, რათა მათ შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები. შესაძლებელია, ამ მიმართულებით მოხდეს გარკვეული ცდომილება, რაც უფრო მეტი ადამიანი დარჩება საგადასახადო შეღავათის ნაწილში და რაც უფრო ცოტა ადამიანს დასჭირდება კომპენსაცია იმიტომ, რომ მათ არ დაკარგეს სამსახური, ეს იქნება ძალიან კარგი. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და ვეღარ იღებენ შემოსავალს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, მოხდება 2 თვის მონაცემების დეტალური ანალიზი, მაშინ როდესაც ივნისში კომპანიები სრულყოფილად წარმოადგენენ ინფორმაციას დაქირავებით დასაქმებულების შესახებ.

"მაქსიმალურად გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ მივწვდეთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ვეღარ იღებს ხელფასს. რაც შეეხება მათ, ვინც განაგრძობენ შემოსავლის მიღებას, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები და კომპანიები ასეთ შემთხევაში, მიიღებენ საგადასახადო კუთხით დაწესებულ შეღავათს. შედეგად, გამოვა ის, რომ იმ საგადასახადო შეღავათმა, რომელიც დაწესდა სწორედ იმ მიზნით, რომ კომპანიებს შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები, რეალურად იმუშავა და ბიზნეს სუბიექტების ნაწილმა არ გაუშვა თანამშრომლები სამსახურიდან,“ - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მან, ასევე, დააზუსტა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომპენსაციის მიღების წესი და აღნიშნა, რომ პირველივე პრეზენტაციის დროს, როდესაც მთავრობამ წარადგინა სოციალური დახმარებების პაკეტი, ცალსახად ითქვა, რომ დახმარებები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 65 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მყოფი ოჯახებისთვის, გაიცემოდა ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.