მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხევადი გაზის ასოციაციას წევრი კომპანიები გაემიჯნენ - განცხადება

5ee0e2e9335fe
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.20 17:47
2303
თხევადი გაზის ასოციაციაში შემავალი კომპანიები, ასოციაციის ხელმძღვანელის ნიკა ხოფერიას მიერ თხევადი გაზის სააქციზო კოდ 2901-ზე (ნახშირწყალბადები აციკლური) აქციზის დაწესების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას ემიჯნებიან და ასოციაციას ტოვებენ.

თხევადი გაზის იმპორტიორი 5 კომპანია ახალ საავტომობილო თხევადი გაზგასამართი სადგურების ასოციაცია ქმნიან და საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

BM.GE თხევადი გაზის სადგურების მფლობელთა მიმართვა უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებას ბოლო პერიოდში თხევადი გაზის დაბეგვრის რეჟიმისა და აქციზის განაკვეთის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა არაერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი ვემიჯნებით თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა ხოფერიას პოპულისტურ განცხადებებს და ვაცხადებთ, რომ იგი მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. მისი ყოველი გამოსვლა მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ და მისი მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების აშკარად შეცდომაში შეყვანას.

ჩვენ, კეთილსინდისიერი მეწარმეები ზოგიერთებისგან განსხვავებით ყოველთვის 100%-ით ვიხდიდით სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ორივე სახის აქციზს და პირნათელი ვიყავით ბიუჯეტთან, თუმცა აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ სფეროში წლების მანძილზე არსებობდა არაერთი მანიპულაციის საშუალება, რაც ხელს უშლიდა კეთილსინდისიერი ბიზნესის წარმოებას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთეტაპიანი დაბეგვრის შემოღებას, ასევე მხარს ვუჭერთ ნულოვანი საბაჟო კოდის გაუქმებას და ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს, რომ კიდევ ერთხელ განიხილოს შესაძლებლობა იმისა, რომ არ გაიზარდოს თხევად გაზზე აქციზი. ასევე ვაცხადებთ, რომ ვინაიდან ბატონ ნიკა ხოფერიას თავისი ვიწრო და კერძო ინტერესების გამო თავს ვგრძნობთ მოტყუებულად, ჩვენ ვტოვებთ მის მიერ შექმნილ ასოციაციას და ჩვენვე ვაფუძნებთ ახალ ასოციაციას, რომლის დასახელებაც იქნება საავტომობილო თხევადი გაზგასამართი სადგურების ასოციაცია და ის არ იქნება ერთი კაცის ინტერესების გამტარებელი, არამედ იქნება ყველა ჩვენთაგანის ინტერესების დამცველი და ამ ბიზნესის განმავითარებელი ორგანიზაცია”, - ნათქვამია კომპანიების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ შპს “გაზ ჯორჯია იმპორტ”; შპს “ვან1ექსპრესი”; შპს “L.D.D 400168965”; შპს “გე გაზ კომპანი”; შპს “ელპიჯი გაზი”.

bm.ge ნიკა ხოფერიასთან დაკავშირებას ცდილობს და მის პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.