მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსული ადამიანების გავლენა მთავრობას გააზრებული არ აქვს” - ლევან ქოქიაშვილი

6230cd3bd01bf
მარიამ ადამია
15.03.22 22:30
1019

“რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები აუცილებლად იქონიებს გავლენას ჩვენზე და ეს დაახლოებით ერთ თვეში ნათლად გამოჩნდება”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” “საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ლევან ქოქიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ორწლიან პანდემიურ კრიზისს დამატებული რუსეთ-უკრაინის ომი, ურთულეს მდგომარეობას ქმნის სტუმართ-მასპინძლობის სექტორში.

“ტურიზმზე საუბარი ახლა, როდესაც მეზობელ ქვეყანაში ადამიანები სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან, რთულია. თუმცა თუკი არსებულ მდგომარეობას და მის გავლენას საქართველოზე ცივი გონებით შევხედავთ, დავინახავთ, რომ წინ სერიოზული პრობლემები გველოდება. გვინდა თუ არა, რუსეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემომყვანია ტურიზმში. ანალოგიურის თქმა შეიძლება ბელარუსზე. ის არაა პატარა ქვეყანა და უამრავი მოქალაქე შემოდიოდა ამ ქვეყნიდან. გარდა ამისა, სექტორში უკრაინის წილიც უდიდესი იყო, სადაც ცხადია, ახლა არც ტურიზმზე ფიქრობენ და მითუმეტეს არც მოგზაურობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს საქართველოზე,” - განაცხადა “საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის” ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება რუსებისა და ბელარუსების ცხოვრების მიზნით, საქართველოში მასობრივ შემოდინებას, ქოქიაშვილის თქმით, ეს უდიდესი რისკის წინაშე აყენებს, როგორც რიგით მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს.

“დროა გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ და დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსი და ბელარუსი მოქალაქეებისთვის, რათა გაკონტროლდეს, თუ ვინ შემოდის ქვეყანაში. მათთვის არ უნდა იყოს ასე მარტივი შპს-ის დაფუძნება. არამდგრადი და არასანდო კომპანიების შემოსვლა, ხელს შეუშლის იმ კომპანიებს წინსვლასა და განვითარებაში, რომლებმაც უამრავ პრობლემას, გაკოტრებას გაუძლეს და რაღაცნაირად მოვიდნენ დღემდე, თუმცა მთავრობა ამ რისკებს ვერ იაზრებს,” - ამბობს ლევან ქოქიაშვილი.

ცნობისთვის, გასულ თვეს საქართველოში რუსეთიდან 20,876 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც შეეხება ბელარუსს, თებერვალში ბელარუსიდან საქართველოს 3,446 ვიზიტორი ეწვია, რაც 77.3%-ით აღემატება პანდემიამდელ მონაცემებს, ხოლო 744.6%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.