მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გელა ხანიშვილი: ჩვენ შეგვიძლია თხილის ექსპორტი $189 მლნ-ს მივუახლოვოთ

5d7dea3fb448a
დავით ჯალაღონია
15.09.19 11:36
2360
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ამბიცია, დაიბრუნოს და გააუმჯობესოს თხილის ექსპორტის ის პოზიციები, რაც ამ კულტურისთვის აზიური ფაროსანას გავრცელებამდე არსებობდა.

"ჩვენ გვაქვს ამოცანა არა მარტო დავიბრუნოთ ის პოზიციები, რაც გვქონდა, ეს იყო დაახლოებით 3-4 წლის წინ, როცა დაემთხვა როგორც მოსავლიანობა, ისე მაღალი საბაზრო ფასი მსოფლიოში და ეს იყო 189 მლნ დოლარის ექსპორტი, მაგრამ ეს არ არის არანაირი ზღვარი, პირიქით, ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით, დღევანდელი მოსავალი, კარგი განვითარების პირობებში, მივუახლოვოთ 189 მლნ დოლარს, ასევე უნდა მოხდეს ამავე ბაღების მოდერნიზება-განვითარება.

დღეს მართალია ფრაგმენტირებულად, მაგრამ სადღაც 65 ათას ჰექტრამდე არსებობს თხილის ბაღები, უკვე ამ პოტენციალის განვითარებით შეგვიძლია გავაორმაგოთ, გავასამმაგოთ ის ციფრები, რაც გვაქვს. კაკლოვან კულტურებზე მსოფლიოში მოთხოვნა იზრდება და საქართველომ ამ გამოწვევას უნდა უპასუხოს", - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

კითხვაზე, ამ დარგში ისეთი საერთაშორისო მასშტაბის მწარმოებლების შემოსვლას, როგორიც "ფერეროა" (რომელიც უკვე არის წარმოდგენილი საქართველოში), შეუშლის თუ არა ხელს მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით რეგულაციები, სოფლის მეურნეობის მინისტრი პასუხად აღნიშნავს, რომ ინვესტორებს შეუძლიათ, 49-წლიანი იჯარით ისარგებლონ.

"თხილის სექტორში არის მსოფლიო ორი გიგანტი - "ფერერო" და "ოლამი" და ორივე საქართველოში წარმოდგენილია, ისე რომ ინვესტორებს საქართველოში ხელს ვუშლიდეთ, ამის პრობლემა არ არის. პირიქით, ჩვენ გვაქვს მიმდინარე ეტაპზე მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალება, არის მიწის გასხვისებაზე გარკვეული შეზღუდვები, თუმცა არის მრავალწლიანი იჯარის შესაძლებლობა. ჩადებული კაპიტალი ბიზნესმა 49-წლიანი იჯარის პირობებში შეიძლება რამდენჯერმე ამოიღოს", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან, აზიური ფაროსანასა და სხვადასხვა სოკოვანი დაავადებებისგან მიღებული ზიანის გამო, თხილის მოსავალი და შესაბამისად, ექსპორტი რადიკალურად შემცირდა.

თხილის ექსპორტი
(მლნ აშშ$)

2014 183,348.9
2015 176,207.0
2016 179,378.3
2017 82,344.7
2018 57,265.5
2019 (I-VII) 13,795.7